03 ოქტომბერი 2024,   17:16
ვრცლად
აფეთქება ზუგდიდში მსხვერპლით დასრულდა

ზუგდიდში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შენობის მეორე სართულის დემონტაჟი მიმდინარეობს. აფეთქების შედეგად  ტერიტორია იმდენად დაზიანებულია, რომ  შენობის პირველი სართულის ჩამონგრევის საფრთხეც არსებობს.

გვიან ღამით მომხდარი აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. გარდაცვლილი ერთ-ერთი დეპარტამენტის ხელმძღვანელია. ის ნგრევის შედეგად ჩამოვარდნილი სინკარის ქვეშ მოყვა. ჩამონგრეულია შენობის ერთი კედელი და დაზიანებულია ნაგებობის შიდა ინფრასტრუქტურაც. 

შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციის, საგანგებო სიტუაციათა სამსახურის და სასწრაფო დახმარების ბრიგადები მუშაობდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე უკვე გააკეთა პირველი კომენტარი.

მინისტრის მოადგილის თქმით, რომელიც ზუგდიდში იმყოფება, საქმე უბედურ შემთხვევას ეხება და ადგილზე ასაფეთქებელი მოწყობილობის კვალი არ არის, რაც გამნაღმველთა მუშაობის შედეგად დადგინდა.

ძალოვან უწყებაში ასევე განმარტავენ, რომ უბედური შემთხვევა წლის გამაცხელებელი ავზის აფეთქებამ გამოიწვია და მომხდარის შესახებ დამატებითი დეტალები ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ გახდება ცნობილი.

ტერიტორიიდან რამდენიმე მეტრში, შინაგან საქმეთა სამინისტროს 200 კაციანი სპეცდანიშნულების რაზმის ყაზარმაც მდებარეობს. იმ შენობაში, სადაც აფეთქება მოხდა, სამეგრელოს სახელმწიფო უშიშროების სამსახურის ადმინისტრაციაც იყო განთავსებული.

ამავე თემაზე
დღის ამბები