პანკისში ადგილობრივები კატეგორიულად უარყოფენ, რომ საქართველოს 5 მოქალაქე ტერორისტულ ორგანიზაცია "ისლამურ სახელმწიფოში"გაწევრიანდა და სირიაში გამგზავრებას გეგმავდა.
ადგილობრივების თქმით, დაკავებულები რელიგიურები არიან და ტერორისტულ დაჯგუფებასთან საერთო არ აქვთ.
"არაფერი შეგვიმჩნევია. ძალიან კარგი ახალგაზრდები არიან, მშრომელები. ეგ არის ტყუილი. ეგ ამბავი როგორ გამოგვეპარებოდა, ერთ-ერთი კარის მეზობელია, რამე რომ ყოფილიყო... არაფერი არ იყო... რა დროს სირიაა... ბავშვები არიან, რა სირია, ან ვინ გაუშვებდა?!" - განაცხადა ადგილობრივმა.
"[ერთ-ერთი] ისეთი კარგი ბალღია, ისეთი კარგი ბავშვია, უწყინარი. მშობლები წასულები ჰყავთ მაგ ბალღებს, ძლივს ირჩენდნენ თავს. არ შეიძლება მაგ ბავშვებზე ასეთი რამის თქმა. მეორეს შვილები და თავისი სადარდებელი ჰქონდა საკმარისი, 6 შვილი ჰყავს, მაგათ რჩენა ხომ უნდა?! შეთხზული ამბავია. თუ გინდათ მთელი სოფელი შემოირბინეთ, სადაც გინდათ იკითხეთ, თუ მაგათზე ცუდს გეტყვიან," - აღნიშნა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური პანკისში ტერორისტული დაჯგუფების წევრობის ბრალდებით დაკავებული პირების შესახებ დამატებით დეტალებს ავრცელებს. მათ მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ დაკავებულები დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს წევრები იყვნენ, ატარებდნენ მათ სიმბოლოებს და მოსახლეობას აყურებინებდნენ ვიდეომასალას, სადაც ჩანდა, თუ როგორ წევრიანდებოდნენ ტერორისტულ დაჯგუფებაში.