საკოორდინაციო საბჭო არსებულ ეპიდემიოლოგიურ რისკებს დღეს კიდევ ერთხელ განიხილავს. პარალელურად ჯანდაცვის უწყება კლინიკურ ჯგუფებთან და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტებთან კონსულტაციებს მართავს.
სპეციალისტები კოვიდსტატისტიკის გაუმჯობესებაზე საუბრობენ, თუმცა ვაქცინაციის ტემპების შესუსტების და ახალი შტამის - "მიუს" გავრცელების შემთხვევაში მეხუთე ტალღის დაწყებას არ გამორიცხავენ.
"სანამ არ იქნება მოსახლეობის 65-70% იმუნიზირებული, რა თქმა უნდა არსებობს იმის შანსი, რომ მე-5, მე-6 ტალღა იყოს და ზოგადად ხასიათდება ვირუსის მუტაცია, რა თქმა უნდა. ახალი შტამების წარმოქმნის ალბათობა, რა თქმა უნდა არის, შესაბამისად, ცნობილი პრევენციული ღონისძიებები უნდა იყოს დაცული ზედმიწევნით. მინდა მივმართო მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც ჯერ კიდევ არ არის ჩართული იმუნიზაციის პროცესში ნუ დააგვიანებენ, ვინაიდან დელტას შტამი ყოველდღიურად ამტკიცებს თავის ვერაგობას და შესაბამისად გაუფრთხილდნენ საკუთარ სიცოცხლეს," - ამბობს აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრის ეპიდემიოლოგი ნათია გორდაძე.
პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი კარდიოლოგიაში მაკა ბულეიშვილი ამბობს, რომ ნიღბის ტარების პროცენტული მაჩვენებლის ზრდა დაინფიცირებულთა რიცხვის სტაბილურ მონაცემებზე აისახება.
"მაშინ, როდესაც ნიღბის ტარების პროცენტული მაჩვენებლები იზრდება - ეს ყველაფერი აისახება დაინფიცირებულთა რიცხვის სტაბილურ მონაცემებთან. ის საუბარი, რომ არსებობს კიდევ ახალი შტამი სახელწოდებით "მიუ", გასაკვირი არ არის, რომ სხვადასხვა სახის შტამები არსებობდეს. ქვეყანა, ზოგადად, რა სახის შტამიც არ უნდა არსებობდეს, უნდა შეხვდეს მომზადებული და ყველა ის რეკომენდაციები, რაც არსებობს აქამდე უნდა შევასრულოთ," - განაცხადა მაკა ბულეიშვილმა.