კორონავირუსის გავრცელების დადებითობის მაჩვენებლები კვლავ 5%-ის ფარგლებშია. ქეყანაში შექმნილ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე, ჯანდაცვის მინისტრმა ცოტა ხნის წინ, განცხადება გააკეთა.
"ყველა სამსახური, ჯანდაცვის სამინისტროს ყველა სიპი მუშაობს იმისთვის, რომ მოხდეს დასტაბილურება და ერთგვაროვანი სიტუაციის შექმნა ქვეყნის მასშტაბით, რათა შევძლოთ როგორც სწავლის გაგრძელება, ისე სხვადასხვა ეკონომიკურ საქმიანობაზე დადებითი რეაგირება,"- აცხადებს ეკატერინე ტიკარაძე.
ამასთან, ქვეყანაში დღიურად გაკეთებული აცრების რაოდენობა კვლავ მცირეა - ბოლო 24 საათში, მხოლოდ 13 580 ადამიანი აიცრა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ მოსახლეობა მაქსიმალურად არ აიცრება, მე-5 ტალღას ქვეყანა კვლავ მძიმედ გადაიტანს.
"მეხუთე ტალღა აუცილებლად იქნება ყველგან, მთელს მსოფლიოში და, მათ შორის, ჩვენთანაც. თუ ავიცრებით მაქსიმალურად და გვექნება მაღალი მოცვის მაჩვენებელი, მეხუთე ტალღა იქნება შედარებით მსუბუქი, თუ არ ავიცრებით, მაშინ მეხუთე ტალღა იქნება მძიმე. დაახლოებით, 6-7ჯერ ნაკლებია აცრილი ადამიანის მიმღებლობა ინფექციის, აცრილ ადამიანს თუ დაემართა კოვიდი, 41-ჯერ უფრო დაცულია, რომ ჰოსპიტალში არ მოხვდეს, 42-ჯერ დაცულია, რომ ლეტალური შედეგი არ დადგეს,"-აცხადებს გამყრელიძე.
განახლებული სტატისტიკით, გასული 24 საათის განმავლობაში დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1597-ია. გამოჯანმრთელდა 2 000-მდე პაციენტი.
სამწუხაროდ, კვლავ მაღალია გარდაცვალების მაჩვენებელი - ვირუსმა ქვეყანაში კიდევ 38 ადამიანი იმსხვერპლა.