როგორია ნანგრევებში მოყოლილი 37 წლის ზვიად თავდგირიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა - ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი და კლინიკა "მედცენტრის" დირექტორი მედეა ქაჯაია "დღის კურიერის" ეთერში აცხადებს, რომ ახალგაზრდა მამაკაცის მდგომარეობა დასტაბილურდა, თუმცა მდგომარეობა კვლავ მძიმეა და პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.
"პაციენტი არის გონზე, კონტაქტურია, ასრულებს ყველა დავალებებს. დღეს გაუჩნდა სურვილები საკვებთან დაკავშირებით, უკეთეს ხასიათზეა. დღეისთვის ანალიზებშიც გვაქვს სიმშვიდე," - აცხადებს ექიმი.
ექიმის განმარტებით, ზვიად თავდგირიძის სასიცოცხლო ფუნქციები სტაბილურია. მედიკოსის თქმით, პაციენტს სამედიცინო დაწესებულებაში შეყვანისთანავე მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა, მათ შორის მარცხენა ქვემო კიდურის მოტეხილობა, მარჯვენა ზედა კიდურის რბილი ქსოვილების შეშუპება და ჰემატომები.
მედეა ქაჯაიას განცხადებით, პაციენტთან სისტემატურად მუშაობენ ქირურგები და ნევროლოგები. მისი განმარტებით, ზვიად თავდგირიძე სრულად რეაბილიტირებისათვის ხანგრძლივ მკურნალობას და რეაბილიტაციას საჭიროებს.
"დღეისთვის რჩება ორი პრობლემა - ცვლილებები ქვედა და ზემო კიდურში. ამ ეტაპზე მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება," - განაცხადა მედიკოსმა.