20 ნოემბერი 2024,   07:51
ვრცლად
ექსკლუზივი - რა კავშირი აქვს მკვლელობის საქმესთან ე.წ. კანონიერ ქურდ "ჭიას", რომელთანაც "კურიერმა" ინტერვიუ ჩაწერა

ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმეზე, დანაშაულის დღიდან, არაერთი ვერსია გავრცელდა. "კურიერისთვის" ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, რომ საქმის მასალებში გავლენიანი კანონიერი ქურდის სახელი ფიგურირებდა. ამ ვერსიის მიხედვით, მკვლელობის დამკვეთმა, რომლის ვინაობაც, ოფიციალურად, ჯერჯერობით, უცნობია, შემსრულებლების მოძიებაში დახმარება უცხოეთში მცხოვრებ ქართველ კრიმინალურ ავტორიტეტს სთხოვა. დანაშაულის სისრულეში მოყვანისთვის, ექსკლუზიური ინფორმაციით, დამკვეთმა 20 000 დოლარი გადაიხადა. 

ესპანეთში მყოფი კრიმინალური ავტორიტეტი, ლაშა ბარათელი, მეტსახელად "ჭია" "კურიერთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში მკვლელობასთან კავშირს კატეგორიულად უარყოფს. მოკლე სატელეფონო ინტერვიუში "კანონიერი ქურდი" ამბობს, რომ მისთვის უცნობია, თუ როგორ აღმოჩნდა მისი სახელი ახალგაზრდა ქალის მკვლელობის საქმის მასალებში. 

დაკავებულების კავშირს ე.წ. კანონიერ ქურდთან ადასტურებენ ანასტასია შატალოვას მკვლელობაში ბრალდებულის ოჯახის წევრები. ბექა ლატარიას ახლობლების თქმით, ბრალდებული კრიმინალურ ავტორიტეტ ლაშა ბარათელს ბავშობიდან იცნობს.

"კურიერის" არქივში ინახება კადრები, სადაც ლაშა ბარათელი ავჭალის არასრულწლოვანთა კოლონიაში, პირველ სასჯელს იხდიდა. კადრებში ის თანასაკნელებთან ერთად ჩანს და დაწესებულებაში ჩატარებულ კონცერტს ესწრება. სავარაუდოდ, სწორედ ამ პერიოდში გაიცნო შატალოვას მკვლელობის საქმეში ბრალდებულმა ბექა ლატარიამ ამჟამად ესპანეთში მყოფი ლაშა ბარათელი. 

ვინ სთხოვა ლაშა ბარათელს შემსრულებლების მოძიება, ამ საქმეზე გამოძიება ცალკე წარმოებად გამოიყო, თუმცა, ცნობილია, რომ სამართალდამცველებმა უკვე გაჩხრიკეს ბათუმის ყოფილი ვიცე მერის საცხოვრებელი სახლი, რომელსაც გარდაცვლილთან საერთო შვილი ჰყავს და მასთან სამართლებრივი დავა ჰქონდა. ზურაბ ბერიძის სახლიდან პოლიციამ კომპიუტერული ტექნიკა და მეხსიერების ბარათები ამოიღო.თავად ბერიძემ დანაშაულთან კავშირი მკვლელობის დღესვე უარყო, თუმცა რამდენიმე დღეა, ის კამერებთან აღარ ჩნდება.

გამოძიება შეკვეთილი მკვლელობის ვერსიაზე პირველივე დღიდან მუშაობს. საქმის პროკურორი არსებულ მტკიცებულებებზე დეტალურად არ საუბრობს, ბრალდების მხარე არც უარყოფს და არც ადასტურებს, "კურიერის" მიერ მოპოვებულ ინფორმაციას, მიდის თუა რა დანაშაულის კვალი ესპანეთში მყოფ "კანონიერ ქურდთან." თავად ბრალდებულების ადვოკატები კი მკვლელობაში სამი დაკავებული პირის მონაწილეობას უარყოფენ.

"კანონიერი ქურდი" ლაშა ბარათელი კრიმინალურ წრეებში "ჭიას" მეტსახელით არის ცნობილი. ბარათელი ჯანგველაძე-ონიანის გავლენიანი კლანის წარმომადგენელია. სწორედ ამ კლანის წევრებმა "მონათლეს" ის "კანონიერ ქურდად" 2014 წელს.

დღის ამბები