თვითმართველობის არჩევნების მეორე ტურში გამარჯვება "ქართული ოცნების" წევრებმა აღნიშნეს ფოთშიც. კანდიდატებს შორის სხვაობა აქ გაცილებით დიდი იყო. წინასწარი მონაცემებით, ბექა ვაჭარაძემ ამომრჩევლის 57.35% აიღო, გიგი უგულავას კი ხმა 42.65%-მა მისცა.
გამოცხადებული ნდობისთვის ვაჭარაძემ ფოთელებს მადლობა გადაუხადა.
რაც შეეხება გიგი უგულავას, ის მეორე ტურის შედეგების აღიარებაზე უარს აცხადებს და გასაჩივრებისთვის ემზადება.
"მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ჩვენ თანამოქალაქე ფოთელს, ვინც მონაწილეობა მიიღო არჩევნებში, მაგრამ სამწუხაროდ, მეგობრებო თქვენი ხმა გაყალბდა. მე არ ვცნობ იმ შედეგებს, რომლის გამოცხადებასაც აპირებს ცენტრალური საარჩევნო კომისია," - განაცხადა გიგი უგულავამ.