ხელჩართული ჩხუბი და პოლიციის დაუმორჩილებლობა - სამართალდამცველები ამ დრომდე არკვევენ, რა მოხდა ყარაჯალაში და რატომ დაუპირისპირდა ერთმანეთს არაფხიზელ მდგომაროებაში მყოფი 15-მდე ადამიანი. საქმეზე, ჯერჯერობით, არავინ დაუკავებიათ. გამოძიება 2 მუხლით დაიწყო.
დაპირისპირების დროს დაშავებულ პირთა რაოდენობა გაიზარდა - ერთ-ერთმა მათგანმა, ვისაც ზედაპირული დაზიანებები სახის არეში აქვს მიღებული, კლინიკას თვითდინებით მიმართა. რაც შეეხება სხვა დაშავებულებს - მათ აქვთ გულ-მკერდის დახურული და თავის ღია ტრავმები, თუმცა, ექიმის ინფორმაციით, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და რამდენიმე მათგანი, დაწესებულებას, სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში დატოვებს.
"აღენიშნებოდათ ზედაპირული ესკორიაციები, თუმცა, დათვალიერების შედეგად, რაიმე ბლაგვი საგნის ან ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების კვალი ნამდვილად არ აღენიშნებათ. მდგომარეობა სტაბილურია, ორი მათგანი ობსერვაციის დარბაზშია მოთავსებული და მიმდინარეობს მონიტორინგი, ხოლო ორი პაციენტი, რომელთაც თავის დაზიანებები აღენიშნებათ, მოთავსებულები არიან ნეიროინტენსიურ გამყოფილებაში,"- აცხადებს ექიმი.