უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ ე.წ მწვანე პასპორტის დეტალებზე ისაუბრა. როგორც დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართული ბრიფინგიდან გახდა ცნობილი უახლოეს მომავალში ჩაეშვება აპლიკაცია, რომლის მეშვეობითაც კოვიდსტატუსის შესახებ ცნობა სმარტფონებში შეინახება.
ასევე კოვიდსტატუსის დამადასტურებელი საბუთის აღება შესაძლებელი იქნება იუსტიციის სახლებშიც.
"კოვიდსტატუსთან დაკავშირებით აპლიკაცია აქამდეც მოქმედებდა covidpass.moh.gov.ge, უახლოეს მომავალში ჩაეშვება აპლიკაცია, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება ჩვენი სტატუსი მუდმივად თან ვატაროთ სმარტფონების მეშვეობით. იქნება სპეციალური აპლიკაცია რომელიც გადაამოწმებს ჩვენ სტატუსს. ასევე სტატუსის გადამოწმება შესაძლებელი იქნება ნებისმიერი სმარტფონის ფოტოკამერით, ასევე დამატებითი კომუნიკაცია შედგენა ბიზნესის წარმომადგენლებთან და მოხდება დეტალების გავლა.
აღსრულებაზე იქნებიან პასუხისმგებელი შესაბამისი ორგანოები, შრომის ინსპექცია, ფინანსთა სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო და ა.შ.
საზოგადოებრივ ტრანსპორტში მწვანე პასპორტების გამოყენება არ განხილულა," - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ. მისი თქმით, მწვანე პასპორტის რეგულაციის დარღვევის შემთხვევაში ჯარიმა იქნება იგივე, რაც კოვიდრეგულაციის დარღვევის შემთხვევაში აქამდეც მოქმედებდა. ფიზიკური პირისთვის 2000 ლარი, იურიდიული პირისთვის კი 10 000 ლარი.
შეგახსენებთ, უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, "მწვანე პასპორტის" კონცეფციის მოქმედების არეალის გაფართოებასა და ვაქცინაციის წამახალისებელ სხვა ღონისძიებებთან დაკავშირებით, ახალი გადაწყვეტილებები მიიღო.
1-ლი დეკემბრიდან ამოქმედდება ე.წ "მწვანე პასპორტის" კონცეფცია. პირს მწვანე სტატუსი აქვს, თუ იგი ვაქცინირებულია სრულად, ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR-ტესტი ან 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ-ტესტი, ან გადატანილი აქვს კორონავირუსი. „მწვანე პასპორტის“ მოთხოვნა იმოქმედებს 18 წლის ასაკის ზემოთ მოქალაქეებისთვის;
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1-ლი დეკემბრიდან მოქალაქეები მხოლოდ და მხოლოდ "მწვანე პასპორტის" პრინციპით შეძლებენ შესვლას: კვების ობიექტების, რესტორნების, კაფეების და ბარების ღია და დახურულ სივრცეებში, კინოთეატრებში, თეატრებში, ოპერაში, მუზეუმებში, საკონცერტო დარბაზებში, გასართობ ცენტრებში, სამორინეებსა და სათამაშო ბიზნესის ობიექტებზე, სპა-ცენტრებში, ფიტნეს-დარბაზებში, სასტუმროებში და ასევე სამთო კურორტების - საბაგირო გზებზე; აღნიშნული მოთხოვნა გავრცელდება ჩამოთვლილი ობიექტების სტუმრებზე. რაც შეეხება საბავშვო-გასართობ ცენტრებს, "მწვანე პასპორტის" მოთხოვნა იმოქმედებს მხოლოდ 18 წლის ასაკს ზემოთ მოქალაქეებისთვის.