ექსპრეზიდენტის პროცესი საქალაქო სასამართლოში უკვე ჩანიშნულია. ხვალ, პირველ საათზე მოსამართლე ნინო ელიეშვილს საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული სხდომის ჩატარება მოუწევს. ახლა იუსტიციის სამინისტროს გადასაწყვეტია, განსასჯელის სკამს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სასამართლოში დაიკავებს თუ საპატიმროში.
რუსთავის კოლონიის 320- ე საკანი გუშინ გათავისუფლდა, მას შემდეგ, რაც დღის მეორე ნახევრიდან ექსპრეზიდენტი გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. პატიმარი ამ დრომდე ამტკიცებს, რომ იქ, სადაც გადასვლა არ სურდა, მოტყუებით წაიყვანეს და ადგილზე ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენეს. იგივეს ამბობდნენ დღეს მასთან შეხვდრის შემდეგ სააკაშვილის უფლებადამცველები. მომხდარის განსხვავებულ ვერსიაზე საუბრობდა იუსტიციის მინისტრი, რომ ეტაპირების დროს სწორედ მსჯავრდებულმა მიაყენა ციხის თანამშრომლებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.
მიხეილ სააკაშვილის მიმართ განხორციელებულ შესაძლო არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა გამოძიება უკვე დაიწყო. მსჯავრდებულის გამოსაკითხად უწყების გამომძიებელი გლდანის ციხეში დღის ბოლოს შევიდა.
დღის მეორე ნახევრიდან ამჯერად უკვე გლდანის სამკურნალო დაწესებულებასთან მივიდა მიხეილ სააკაშვილის უკრაინელი მეუღლე, გამოჩნდა სააკაშვილის პირადი ექიმიც. ლიზა იასკოს განცხადებით, არ არის გამორიცხული უახლოეს დღეებში მიხეილ სააკაშვილი კვლავ მოინახულოს უკრაინის პირველმა უფლებადამცველმა.
გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულება მაღალტექნოლოგიური შესაძლებლობებით რომ არ არის აღჭურვილი - ამას ჯანდაცვის უწყებაშიც ამბობენ. მინისტრის მოადგილის განცხადებით, სამკურნალო დაწესებულებაში ინტენსიური თერაპიის შესაძლებლობაა და მობილიზებულია რეანიმაციების ბრიგადაც. ტომოგრაფიის აპარატი გლდანის მეთვრამეტე სამკურნალო დაწესებულებაში გუშინ პატიმარი ექსპრეზიდენტის გადაყვანისთანავე შეიტანეს.