ინსულტი და კომა - თითქმის 2 წლიანი ტყვეობის შემდეგ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გენადი ბესტაევი სწორედ ამ დიაგნოზით გადმოიყვანეს. ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მმართველმა პროცესს, ცინიკურად, "შეწყალება" - საქართველოს ხელისუფლებამ კი ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის მორიგი ფაქტი უწოდა.
60 წლამდე მამაკაცს, რომელიც საკუთარი სახლიდან ოკუპანტებმა არაერთხელ გაიტაცეს არარსებული საზღვრის კვეთას და ნარკოტიკების კონტრაბანდას ედავებოდნენ. რეალობა კი ის არის, რომ ზარდიაანთკარში გენადი ბესტაევის ეზოში მავთულხლართი გაავლეს და მას საკუთარ სახლში დაბრუნება აუკრძალეს.
ცხინვალის იზოლატორის ყოფილი თანამესაკნე დღეს ვაჟა გაფრინდაშვილმა მოინახულა. ექიმი ამბობს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მყოფ ყველა პატიმარს საფრთხე ემუქრება, ვინაიდან მათთვის კვალიფიციური სამედიცინო დახმარების აღმოჩენის რესურსი არ არსებობს.
გენადი ბესტაევთან ერთად ცხინვალის იზოლატორში იმყოფებოდა მირიან თაზიაშვილიც. ის იხსენებს, რომ მის თანამესაკნეს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებდა.
უკვე თითქმის ერთი წელია ოკუპირებულ აფხაზეთში, ტყვეობაში იმყოფება ირაკლი ბებუა. მისი ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მამაკაცს ქრონიკული დაავადებები აქვს, შესაბამისი მკურნალობა კი არ უტარდება. აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ ბებუას გასათვისუფლებლად ქმედითი ნაბიჯები დროულად უნდა გადადგას, წინააღმდეგ შემთხვევაში მის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება.
ირაკლი ბებუა 2020 წლის 30 სექტემბერს დააკავეს, მაშინ როდესაც ეთნიკური ქართველებით დასახლებულ გალის მცხოვრებლებს საქართველოზე გამარჯვების დღის აღნიშვნას აიძულებენ. ბებუამ აფხაზური დროშა დაწვა და განაცხადა, რომ ეს აქტი ქართველებსა და აფხაზებს შორის აღმართული ხელოვნური ბარიერების წინააღმდეგ იყო მიმართული.