25 აპრილი 2024,   09:25
ვრცლად
ლოკდაუნი, სავალდებულო ვაქცინაცია - ევროპა კოვიდის სწრაფ გავრცელებას რადიკალური ნაბიჯებით ებრძვის

კორონავირუსი ყველაზე სწრაფად ევროპის კონტინენტზე ვრცელდება, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი ყოველდღიურად იზრდება. ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით კი ყოველდღიურად სულ უფრო მეტი სახელმწიფო აწესებს რეგულაციებს.

სლოვაკეთში ინფიცირების შემთხვევების ზრდის შესაჩერებლად ლოკდაუნი გამოცხადდა. ახალი რეგულაციების თანახმად, ფუნქციონირება მხოლოდ სასიცოცხლოდ აუცილებელი სერვისებისთვის იქნება ნებადართული. მოქალაქეებს კი სახლიდან გასვლა მხოლოდ გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში შეეძლებათ. ქვეყანაში ინფიცირების ზრდის მაჩვენებელი აუცრელ მოქალაქეებს უკავშირდება.

ევროპის რამდენიმე სახელმწიფოს მსგავსად არავაქცინირებული პირებისთვის შეზღუდვების დაწესების გადაწყვეტილება მიიღეს იტალიაშიც. ის ადამიანები, რომლებიც აცრის დამადასტურებელ დოკუმენტს ვერ წარადგენენ, საზოგადოებრივ სერვისებზე წვდომა შეეზღუდებათ. აღნიშნული გადაწყვეტილება 6 დეკემბრიდან ამოქმედდება. რაც შეეხება იმუნიზაციას - სამართალდამცველებისთვის, სამხედროებისა და სკოლის მასწავლებლებისთვის აცრა სავალდებულო გახდება.

რეგულაციები მკაცრდება საფრანგეთშიც. შეზღუდვები 65 წელს გადაცილებულ იმ პირებს შეეხებათ, რომლებიც ბუსტერ დოზით არ არიან აცრილები. 15 დეკემბრიდან მოქალაქეების აღნიშნული კატეგორიისთვის მწვანე პასპორტი ვალიდური აღარ იქნება, თუ ვაქცინის მესამე დოზით არ აიცრებიან. აღნიშნული ცვლილება კი 15 იანვრიდან ყველა ზრდასრულ მოქალაქეზე გავრცელდება.

შეზღუდვების დაწესების საკითხი განიხილება პოლონეთშიც. ქვეყანა ვირუსის გავრცელების მეოთხე ტალღას ებრძვის. იმ შემთხვევაში თუ ინფიცირების მაჩვენებლის ზრდა არ შემცირდება ახალი რეგულაციები დაწესდება.

დღის ამბები