20 ნოემბერი 2024,   09:23
ვრცლად
"რემონტისთვის იყვნენ წასულები და ჩამოინგრა უცბად..." - ტყიბულში მიწის მასის ქვეშ მოყოლილი კაცის მდგომარეობა მძიმეა

ტყიბულში მიწის მასის ქვეშ მოყოლილი 65 წლის მამაკაცი ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალშია მოთავსებული. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, მძიმეა.

ექიმის განცხადებით, დაშავებული კლინიკაში გულ-მკერდისა და მუცლის ორგანოების დაჟეჟილობით, ასევე ორივე ქვედა კიდურის ხანგრძლივი ზეწოლის სინდრომით შემოიყვანეს. როგორც ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტალის სამედიცინო დირექტორი დავით ჯანაშია განმარტავს, 65 წლის მამაკაცი რეანიმაციულ განყოფილებაში აგრძელებს მკურნალობას, მისი მდგომარეობა მძიმეა და ის ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციაზე იმყოფება. მედიკოსის თქმით, პაციენტის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა და მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

დაშავებული მამაკაცის მეუღლის მარინა გუბელიძის განცხადებით, აღნიშნული კარიერი არ მუშაობდა და სარემონტო სამუშაოებს საჭიროებდა.

"არ მუშაობდა ეს კარიერი დიდი ხნის მანძილზე, კარიერები საერთოდ არ მუშაობს, მაგრამ რემონტი რომ არ ჩატარებულიყო ისე არ შეიძლებოდა, წყალი გროვდებოდა შიგნით. ესენი იყვნენ რემონტზე წასულები და ჩამოინგრა უცბად," - აცხადებს 65 წლის დაშავებული მამაკაცის, ვიტალი ტურძილაძის მეუღლე.

შემთხვევა ტყიბულის შახტში გუშინ დღის პირველ ნახევარში მოხდა. ქვანახშირის კარიერში მიწის მასა ჩამოიშალა და მასში ორი ადამიანი მოჰყვა. მაშველებმა 7 საათიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მიაგნეს, ერთ დაშავებულსა და ერთ გარდაცვლილს მიაგნეს. 

დღის ამბები