მიხეილ სააკაშვილი ალტერნატიული კონსილიუმის წევრებმა გვიან ღამით მოინახულეს. ექიმის შეფასებით, მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მუდმივად კონტროლდება როგორც მისი ანალიზები, ასევე კვების რაციონი.
მედიკოსის თქმით, კვლევის შედეგებს გათვალისწინებით, სააკაშვილი მზადაა დაესწროს დღევანდელ სასამართლო სხდომას.
"პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, როგორც წინა დღეებშიც. ანალიზების მხრივ ყველაფერი რიგზე არის. იყო განაცხადი, ტელევიზიიდან გავიგე, ზოგიერთებმა განაცხადეს, რომ არის რაღაც პრობლემა, მე ამ პრობლემას ვერ ვხედავ იმიტომ, რომ დღესდღეობით გაკეთებული ანალიზებით მოხდა ნივილირება ყველა ანალიზების და თითქმის ყველაფერი ნორმაშია. მივიდეს სასამართლოში, არანაირ პრობლემას არ ვხედავ," - აცხადებს ალტერნატიული კონსილიუმის წევრი ნინო გოგორიშვილი.