მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ქვეყანას და მით უფრო საზოგადოებას არ აინტერესებს "ნაციონალური მოძრაობის" შიდა პრობლემები, მიხეილ სააკაშვილის და ნიკა მელიას დაპირისპირების საკითხი.
როგორც პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, გაცილებით მნიშვნელოვანი საკითხები აქვს ხელისუფლებას დღის წესრიგში, ვიდრე პატიმარ სააკაშვილის მენიუს შედგენა.
"ნამდვილად არ აინტერესებს ახლა საზოგადოებას პატიმარ სააკაშვილის და ნიკა მელია დაპირისპირების საკითხი, რაც იყო ისედაც გამოკვეთილი და ყოველდღე უფრო და უფრო მასშტაბური ხდება ეს დაპირისპირება, მაგრამ კიდევ ერთხელ, ეს არის მათი შიდა საქმე. ჩვენს ქვეყანას და საზოგადოებას აქვს გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი საკითხები დღის წესრიგში, ვიდრე არის პატიმარ სააკაშვილის მენიუს განსაზღვრა და მათი რადიკალური პროცესების დღის წესრიგის შექმნა," - ამბობს გურამ მაჭარაშვილი.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის ალუდა ღუდუშაურის განცხადებით, ის, თუ რატომ არ არის "ნაციონალური მოძრაობა" საკუთარ განცხადებებში ერთიანი, არავისთვის პრიორიტეტული არ არის.
"რატომ ვერ და არ თანხმდება "ნაციონალური მოძრაობა" და რატომ არ არიან ერთიანი თავიანთ განცხადებებში, ეს არავისთვის საინტერესო და პრიორიტეტული არ არის. მით უფრო საინტერესო არ არის ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის. "ნაციონალური მოძრაობა" ყველასთვის არის ცხადი თუ რაოდენ დესტრუქციულ პოლიტიკურ ძალას წარმოადგენს. ეს ორგანიზაცია გადასული არის დაშლის რეჟიმზე და თქვენ ნახავთ აუცილებლად, "ნაციონალური მოძრაობა" როგორ დაიშალა,“ - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.