რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 55-ე რაუნდის დასრულების შემდეგ განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ შეხვედრაში ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს შუამავლობით, საქართველოს, ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის, ასევე რუსეთის და აშშ-ის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, გამოითქვა საერთო თანხმობა, სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცების გზების ძიებისთვის ერთობლივი ძალისხმევის გაგრძელების მნიშვნელობაზე.
რუსეთის საგარეო უწყება აღნიშნავს, რომ ამ მიმართულებით მუშაობის გასაგრძელებლად ყველაზე ოპტიმალური პლატფორმად, კვლავ ჟენევის დისკუსიების რჩება:
"რუსეთი და მისი მოკავშირეები პრიორიტეტულ მნიშვნელობას ანიჭებენ საქართველოს მიერ ძალის გამოუყენებლობის გარანტიების უზრუნველყოფას, რაც უნდა გაფორმდეს, ერთის მხრივ, იურიდიულად სავალდებულო შეთანხმებით ამ სახელმწიფოსთან და მეორეს მხრივ, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის. ასეთი დოკუმენტის აქტუალობა საგრძნობლად იზრდება საქართველოს ტერიტორიასა და შავ ზღვაში, აშშ-სა და ნატო-ს ინტენსიური სამხედრო წვრთნის აქტივობისა და ასევე ალიანსის წევრი ქვეყნების მხრიდან რუსეთის სამშვიდობო ინიციატივების მუდმივი უგულებელყოფის გათვალისწინებით, ინიციატივების, რომელიც ევროპაში დაძაბულობის შემცირებაზეა მიზანმიმართული.
დისკუსიის მონაწილეთა უმრავლესობა შეთანხმდა, რომ ვითარება საქართველო-აფხაზეთსა და საქართველო-სამხრეთ ოსეთის საზღვრისპირას, შედარებით სტაბილურია. ეს სტაბილურობა შედეგია ისეთი მოლაპარაკების მექანიზმების, როგორიცაა "ცხელი ხაზები", ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმები საქართველოსა და ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთის საზღვარზე, ერგნეთში," - აღნიშნულია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.
რუსეთი მიესალმება სოხუმის მიერ მიღებულ ნაბიჯებს, რომელიც მიმართულია საქართველოსა და ოკუპირებული აფხაზეთის, გალის საზღვარზე ანალოგიური მექანიზმის სწრაფი განახლებისკენ.
"რეგიონში უსაფრთხოების დონის ამაღლებაში რეალური წვლილი შეიძლება იყოს საქართველოს საზღვრის დემარკაცია მეზობელ რესპუბლიკებთან. ამ მიზნის მიღწევას მოსკოვი, სოხუმი და ცხინვალი ხედავენ ქართულ-აფხაზური და ქართულ-სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციის პროცესის დაწყებით, მათი შემდგომი დემარკაციის გზით," - ნათქვამია განცხადებაში.