16 ნოემბერი 2024,   10:43
ვრცლად
თბილისში ამერიკელი კონგრესმენების ვიზიტი დაგეგმილია - რა გზავნილებით ბრუნდება საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია აშშ-დან

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ვაშინგტონში ვიზიტს ასრულებს. ახალი წლის შემდეგ კონგრესმენები თავად აპირებენ თბილისში სტუმრობას. მხარდაჭერის დასტური საქართველომ ამერიკის საკანონმდებლო ორგანოდან უკვე მიიღო. კერძოდ იმაზე, რომ კონგრესმენები აღმასრულებელ ხელისუფლებასთან იმუშავებენ საქართველოს NATO-ში გაწევრიანების დაჩქარებისა და ქვეყნისთვის მეტი სამხედრო მხარდაჭერის გამოყოფაზე.

მას შემდეგ, რაც უკრაინის საზღვრებთან მობილიზებულმა რუსეთმა ამერიკა კიდევ ერთხელ შეაფხიზლა, საუბრები განახლდა საქართველოს მიმართ არსებულ საფრთხეებზეც. ვაშინგტონში ჩასული ქართველი დეპუტატების მიზანიც ეს იყო, რომ რეგიონში მეტი ჩართულობის საქმეში ამერიკელი კოლეგებისგან აქტიურობა მოეთხოვათ. 

სტრატეგიული პარტნიორები თანამშრომლობის ახალ საფეხურზე უკვე გადადიან. ამერიკელებთან პარტნიორობით შექმნილი "თავდაცვის მზაობის პროგრამა" უკვე შეჯამდა. ახლა ამ 4 წლიან პაკეტზე ახალი ინიციატივების დაშენება დაიწყება, რაც ამერიკის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა თბილისში ყოფნისას დააანონსა. 

ვაშინგტონში შეხვედრა შედგა სახელმწიფო მდივნის მეორე თანაშემწესთან, ერიკა ოლსონთანაც. რომელიც სულ ახლახან თბილისშიც იმყოფებოდა და შიდაპოლიტიკურ ვითარებაშიც კარგადაა ჩახედული. 

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ ვაშინგტონში ვიზიტი უკვე ამოწურა, თუმცა თბილისში გამოფრენამდე ადგილზე უკრაინელ კოლეგებთან შეხვედრაც დაგეგმეს, რომლებიც საქართველოს მსგავსად, ამერიკის პოლიტიკურ დედაქალაქში, შტატების მხარდაჭერის მისაღებად იმყოფებოდნენ.

დღის ამბები