დღეს გამართულ მთავრობის სხდომას ჯანდაცვის მინისტრის ნაცვლად მისი მოადგილე, თამარ გაბუნია ესწრებოდა. ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რატომ არ დაესწრო ეკატერინე ტიკარაძე სხდომას, გაბუნიამ უპასუხა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს დღეს მთავრობის სხდომაზე გასატანი საკითხი არ ჰქონდა, შესაბამისად მინისტრის დასწრება აუცილებლობას არ წარმოადგენდა.
როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აბობს, ვინ გახდება ჯანდაცვის მინისტრი, ამაზე ინფორმაცია არ აქვს.
"ჩემთვის ცნობილია, რომ ქალბატონმა მინისტრმა მიიღო გადაწყვეტილება პოსტი დატოვოს წლის ბოლოს. წლის ბოლომდე პოსტზე დარჩენა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ დაწყებული პროექტები მივიდეს გარკვეულ ეტაპამდე ან დაიხუროს და გადაბარების პროცესიც რომ იყოს სრულიად უმტკივნეულო.
კანდიდატებთან დაკავშირებით მეც ის ინფორმაცია მაქვს, რაც მედიის საშუალებით ვრცელდება, კონსულტაციები მიმდინარეობს და ჩვენც ველოდებით ახალი კანდიდატის დასახელებას იმისთვის, რომ მასთან ერთად დავიწყოთ მუშაობა. მთავრობის სხდომას დღეს მე ვესწრებოდი, ჯანდაცვის სამინისტროს საკითხი მთავრობის სხდომაზე დღეს გასატანი არ გვქონია, ამდენად, ჩემი დასწრება იქ იყო საკმარისი და არ იყო აუცილებელი მინისტრის დასწრება,"- განმარტა თამარ გაბუნიამ.