16 ნოემბერი 2024,   10:44
ვრცლად
"ესაა წამება, რასაც აუცილებლად მოჰყვება სათანადო საერთაშორისო სამართლებრივი შეფასებაც" - კობა ნაყოფია მიხეილ სააკაშვილზე

უკვე ზუსტად 1 თვეა, რაც მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობენ. ექსპრეზიდენტი დღეს "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა კობა ნაყოფიამ და მისმა უფლებადამცველმა დიმიტრი საძაგლიშვილმა მოინახულეს.

მათი თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებული არ არის და ის კიდევ საჭიროებს რეაბილიტაციას. კობა ნაყოფია ამბობს, რომ ის "ემპათიას" დასკვნას ემხრობა, რომლის მიხედვითაც, მიხეილ სააკაშვილმა მკურნალობის კურსი საზღვარგარეთ უნდა გაიაროს. 

"ემპათიის" დასკვნას ვენდობი. იმ ადამიანის რეაბილიტაცია ნამდვილად საჭიროა. ესაა პირდაპირი წამება, რასაც აუცილებლად მოჰყვება სათანადო საერთაშორისო სამართლებრივი შეფასებაც. ყველა ნორმალურ ქვეყანაში, ამ ვითარებაში, მიხეილ სააკაშვილი დიდი ხნის წინ იქნებოდა გათავისუფლებული. ამას აუცილებლად მივაღწევთ - იქნება პერმანენტული აქციები, დიდი აქციები,"- აცხადებს კობა ნაყოფია. 

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა სასამართლო პროცესებზე მიხეილ სააკაშვილის დასწრების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზეა დამოკიდებული. 

"სასამართლო პროცესებზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის დასწრება დამოკიდებულია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, შესაბამისად, ვნახოთ რა სიტუაცია იქნება ჯანმრთელობის თვალსაზრისით და შესაბამისად გადაწყდება პროცესში მისი მონაწილეობის საკითხი. ჩვენ ნებისმიერ დოკუმენტს, რაც შესაძლებელია დაგვეხმაროს მიხეილ სააკაშვილის უფლებების დაცვისთვის, გამოვიყენებთ და გამოვიყენებთ ყველა იმ შესაძლო მეთოდით, რაც კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე იქნება რელევანტური,"- აცხადებს ადვოკატი.




დღის ამბები