16 ნოემბერი 2024,   10:44
ვრცლად
აზარტული თამაშების რეგულაცია - კანონპროექტს დეპუტატების უმრავლესობა მიესალმება, "გირჩი" კი პარლამენტისთვის შეურაცხმყოფელს უწოდებს

1 მარტიდან აზარტული თამაშების რეკლამა იკრძალება, ასევე, ვეღარ ითამაშებენ 25 წლამდე პირები. პარლამენტმა აზარტული თამაშების შესახებ კანონი დაამტკიცა. იზრდება გადასახადი სათამაშო ბიზნესისთვის. ოპოზიციის ნაწილმა, რომელიც სხდომას ესწრებოდა, ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა, ნაწილი კი ამ გადაწყვეტილებას ემხრობა.

"მე მგონი, ოპოზიციიდან მარტო მე და ალეკომ დავუჭირეთ მხარი ამ კანონპროექტს, ვინაიდან მიმაჩნია, მიუხედავად იმისა, რომ ეს ცვლილებები საკმარისი არაა, იმ არაფერს, რაც იყო, ნამდვილად სჯობია," - აცხადებს "მოქალაქეების" წევრი ლევან იოსელიანი.

მსგავსი კანონის მიღებას პარლამენტისთვის შეურაცხმყოფელს უწოდებს "გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია.

"ეს კანონპროექტი არის უსამართლო და შეურაცხმყოფელი პარლამენტის წევრებისთვის, ვინაიდან ჩვენ ამ კანონით ონლაინ თამაშები ავუკრძალეთ საკუთარ თავს. ასევე მილიონზე მეტ მოქალაქეს ავუკრძალეთ თამაში, საკუთარი საკუთრების განკარგვა და გართობა. რაც ჩემი აზრით არის მორალურად მიუღებელი თავი რომ დავანებოთ ყველაფერს,"- აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

მმართველი პარტიის წევრი ირაკლი ზარქუა მიიჩნევს, რომ ამ კანონპროექტის მიღებით პარლამენტმა დააკმაყოფილა საზოგადოების დიდი ნაწილის და საპატრიარქოს მოთხოვნა აზარტული თამაშების პრობლემის მოგვარებასთან დაკავშირებით. უმრავლესობის დეპუტატი ამბობს, რომ მათ ასევე გაითვალისწინეს მედიის მოთხოვნა და რეკლამირების აკრძალვამ რამდენიმე თვით - მარტამდე გადაიწია.

"ჩვენ გვქონდა სტატისტიკა, მომართვიანობა დედებისგან, საპატრიარქოსგან, ამიტომ პრემიერის და მთავრობის ინიციატივა იყო სწორი, ადეკვატური და შეიძლება ცოტა დაგვიანებულიც კი. გავითვალისწინეთ მედიის თხოვნა და ​ ონლაინკაზინოების და ტოტალიზატორების რეკლამირება პირველი მარტიდან აიკრძალება," - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

დღის ამბები