პროფესორი, ექიმი-პედიატრი მაია ხერხეულიძე იმ ვიტამინებს ასახელებს, რომის მიღებაც, განსაკუთრებით ზამთარში - ბავშვებისთვის საჭიროა.
პედიატრი იმ საკვებზეც საუბრობს, რომელიც ბავშვობის ასაკიდან აზიანებს ადამიანის ჯანმრთელობას და მავნე ჩვევად ყალიბდება:
"დღეს ჩვენ ძალიან ბევრ ისეთ საკვებს მოვიხმართ, რაც ჯანმრთელობისთვის ძალიან საზიანოა. ადრეული ბავშვთა ასაკი, ეს არის პერიოდი, როდესაც საფუძველი ეყრება ყველაფერს - მათ შორის ჯანმრთელობას და სამწუხაროდ, კვებით ჩვევებსაც. ამიტომ, თავიდანვე თუ ჩვენ ბავშვებს ვაჩვევთ ზედმეტ ტკბილეულს, სასუსნავებს, წვენებსა და გაზიან სასმელებს, ეს მერე პრობლემას უქმნის მათ. ამას ეჩვევიან ბავშვები და შემდეგ, მთელი ცხოვრება უჭირთ ამ ჩვევებიდან გადაჩვევა. ამან გამოიწვია ის, რომ ხშირად ბავშვებში სხვადასხვა ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტი აქვთ. დღეს D ვიტამინი რაღაც პანაცეად განიხილება, ასე არ შეიძლება ვთქვათ, თუმცა D ვიტამინს ჩვენი ორგანიზმისთვის აქვს უზარმაზარი და ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია. ეს არის პირველ რიგში ძვლების მინერალიზაცია - ზრდის პროცესი. D ვიტამინი აუცილებელია ჩვენი იმუნური სისტემისთვის. კორონავირუსის პირობებში იყო კვლევები, რომელმაც აჩვენა, რომ თუ D ვიტამინის დონე დაბალია, უფრო მაღალი რისკია, რომ დაავადება მძიმედ წავიდეს. D ვიტამინი ასევე აუცილებელია ჩვენო კოგნიტური - შემეცნებითი ფუნქციისთვის.
ასევე საჭიროა - თხევადი კალციუმი მაგნიუმით. კალციუმი კარგია ძვლების მინერალიზაციისთვის, ის ხელს უწყობს კბილების ამოჭრას, ზრდის პროცესს, კუნთის შეკუმშვას და გულის რითმის ნორმალურ მუშაობას.
2 წლამდე და მთლიანად ბავშვობის პერიოდში, განსაკუთრებით კი ზამთარში, როდესაც მზის ინსოლაცია ნაკლებია - ბავშვებმა D ვიტამინი უნდა მიიღონ,"- განაცხადა პედიატრმა მაია ხერხეულიძემ.