21 დეკემბერი 2024,   16:36
ვრცლად
"ეს რა გააკეთეს, ბავშვი შოკშია, მე არ ვაპატიებ" - ძალადობის მსხვერპლი შშმ მოზარდის დედა დამნაშავეების უმკაცრესად დასჯას ითხოვს

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოზარდს, რომელსაც პოლიციელი ფიზიკურად გაუსწორდა, დაზარალებულის სტატუსს დღის მეორე ნახევარში მიანიჭებენ. არასრუწლოვანი უფლებადამცველებთან ერთად, რამდენიმე წუთში მივა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში. დღესვე ბრალი ოფიციალურად უნდა წარუდგინონ დაკავებულ პოლიციელებს. 

არასრულწლოვანის დედა ამბობს, რომ მისმა შვილმა მძიმე ფსიქოლოგიური სტრესი მიიღო და დამნაშავეების უმკაცრესად დასჯას ითხოვს.

"ეს რა გააკეთეს, ბავშვი შოკშია, მე არ ვაპატიებ, ექიმთან უნდა წავიყვანო ბავშვი აუცილებლად, ნევროპათოლოგთან, თვალიც ტკიოდა,"-განაცხადა დაზარალებული არასრულწლოვანის დედამ.

ადვოკატის განცხადებით, არასრულწლოვანის დაზარალებულად ცნობის შემდეგ, საქმის მასალებსაც გაეცნობა, თუმცა, მისივე თქმით, მოზარდს არ დეტალების გასაჯაროება არ სურს.

"რაც შეეხება არასრულწლოვანის მიერ საგამოძიებო ორგანოსთვის მიწოდებულ ინფორმაციას, თვითონ არასრულწლოვანის სურვილია, რომ ეს ინფორმაცია ფართო საზოგადოებისთვის არ იყოს ცნობილი.

უახლოეს დროში გვექნება ექსპერტიზის დასკვნაც, სადაც დეტალურად იქნება აღწერილი, თუ რა დაზიანებები მიიღო ამ ძალადობრივი ქმედებების შედეგად არასრულწლოვანმა. დაზიანებები აღენიშნება, თუმცა უშუალოდ სად და როგორ, ამაზე ვერ ვისაუბრებ,"- აცხადებს ადვოკატი.

ცნობისთვის, მედიასაშუალებებით გავრცელებულ ვიდეოჩანაწერზე აღბეჭდილი ძალადობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი თანამშრომელი ნუკრი ბაქრაძე და კახა ბაკაშვილი დააკავეს. ნუკრი ბაქრაძეს სისხლის სამართლის კოდექსის 144 მუხლის მეორე ნაწილის "ა", "ბ", და "ზ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავებიან, რაც გულისხმობს დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას ჩადენილს მოხელის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის და სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული პირის მიმართ;

ხოლო, ფაქტის შემსწრე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მეორე თანამშრომელს - კახა ბაკაშვილს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავებიან, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას.

ამავე თემაზე
დღის ამბები