"რუსთავი 2-ის" საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილმა დავა შეწყვიტა - ეს მას შემდეგ რაც მოსამართლემ მხარის არც ერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, ბოლოს ადვოკატები ხელახალი ექსპერტიზების დანიშვნას მოითხოვდნენ, თუმცა ეს მოთხოვნა მოსამართლემ არ გაითვალისწინა. ამის პასუხად დღეს უკვე ადვოკატებმა დავის შეწყვეტის შესახებ განაცხადეს.
ქიბარ ხალვაშის ინტერესების დამცველის პაატა სალიას თქმით, თუ ირაკლი ოქრუაშვილი დავას ევროპაში განაგრძობს დაცვის მხარე შესაბამის პასუხს ყველა სასამართლოს წინაშე გასცემს.
"ითხოვდნენ, რომ კომპლექსურად 4-ვე ექსპერტს ერთად ჩაეტარებინათ ახალი ექსპერტიზა, რომელსაც არ ითვალისწინებს კანონმდებლობა. შესაბამისად უარი უთხრა სასამართლომ ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. მას შემდეგ რაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა ეს შუამდგომლობა მიიღეს გადაწყვეტილება, როგორც განაცხადა ადვოკატმა, ოქრუაშვილისგან წინასწარ ჰქონდა თანხმობა. თვლიან, რომ ასეთ შემთხვევაში შედეგს ვერ აღწევენ საქართველოს სასამართლოში და ამიტომ გაიხმეს სარჩელი. თუ დააპირებენ დავას ევროპაში შევიტყობთ და გავცემთ შესაბამის პასუხს,"- აცხადებს პაატა სალია.
ცნობისთვის, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ ტელეკომპანია მისი საკუთრებაა. მტკიცებულებად მოჰყავდა 2010 წლით დათარიღებული დოკუმენტი, რომელიც ირაკლი ოქრუაშვილის თქმით, ბერლინში გაფორმდა და რომლის მიხედვით, ის ტელეკომპანიაზე საკუთრების უფლების მქონე ნომინირებული პირი იყო - ქიბარ ხალვაში და მისი ინტერესების დამცველები აცხადებდნენ, რომ დოკუმენტი ყალბია.