რა ვითარებაა კოვიდკლინიკებში და აისახა თუ არა ინფიცირების კლების ტენდენცია საწოლფონდზე - ჯანდაცვის უწყების ცნობით, ამ ეტაპზე ქვეყანაში 2 ათასზე მეტი თავისუფალი ადგილია, თუმცა არის კლინიკები, სადაც მაღალი მიმართვიანობის გამო პაციენტების მიღება კვლავ უჭირთ.
როგორც ექიმები განმარტავენ, მათ კლინიკებში სტაციონარული ნაწილში მუდმივად დაყვირთულია, რადგან პაციენტების გაწერისთანავე ახალი ნაკადით ივსება.
აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის ინფექციური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ლია გოლიაძე ამბობს, რომ კოვიდინფიცირებულების მდგომარეობა, რომლებსაც კლინიკა იღებს, მსუბუქი არ არის.
"პრაქტიკულად, რამდენიმე ადგილი გვაქვს თავისუფალი, რომელიც ალბათ გაწერილი პაციენტების ხარჯზე. პრინციპში, რასაც ვწერთ, შემდეგ ისევ ივსება ის ადგილები. რეანიმაციაში ადგილი საერთოდ არ არის. თერაპიული და პედიატრიული განყოფილებები ძალიან დატვირთულია. ჩვენთან რაც შემოდის პაციენტები, ვერ ვიტყვი, რომ მათი მდგომარეობა არის მსუბუქი," - აცხადებს აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის ინფექციური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ლია გოლიაძე.
რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი, ნოდარ ჩიმაკაძე აცხადებს, რომ რეანიმაციულ განყოფილებაში 60 პაციენტია მოთავსებული, მათგან სამის მდგომარეობა მძიმეა.
"ჩვენს კლინიკაში, დღეის მდგომარეობით არის 250-მდე პაციენტი, მათ შორის დაახლოებით 60 პაციენტი იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში, 3-ის მდგომაროება არის კრიტიკული. ამ ეტაპისთვის, თავისუფალი საწოლების რაოდენობა, როგორც თერაპიულ, ისე რეანიმაციულ განყოფილებებში გვაქვს, მათ შორის პედიატრიაშიც," - აცხადებს ნოდარ ჩიმაკაძე.