20 ნოემბერი 2024,   15:38
ვრცლად
1 მილიონი ლარის მითვისება ფასიანი ქაღალდების, აქციებისა და კრიპტოვალუტით ვაჭრობის თაღლითური სქემით - ე.წ. ქოლ ცენტრების საქმე

საქართველოში არსებული ორგანიზებული ჯგუფი, რომლის სამიზნეც ევროპის მოქალაქეები არიან - ქოლ ცენტრების საქმე გრძელდება. ამჯერად დაკავებულია 5 პირი.

ფასიანი ქაღალდების, აქციების და კრიპტოვალუტით ვაჭრობის თაღლითური სქემა, რომლითაც ათეულობით მილიონი ლარის ლეგალიზება ხდება.

მეზობლებმა 25 წლის ქალის საქმიანობის შესახებ არაფერი იციან. მხოლოდ დღეს გაიგეს, რომ მარიამ ქავთარაძე, სავარაუდოდ ტრანსნაციონალური დანაშაულის მონაწილეა და ის პოლიციამ დააკავა.

ბრალდებულის სახლში დღეს "კურიერის" გადამღებ ჯგუფს არავინ დახვდა. ცნობილია, რომ 25 წლის გოგო ოჯახთან ერთად ცხოვრობდა და კორპუსში ახალი გადასული იყო. გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ქავთარაძე საკუთარ ბინაში დააკავეს.

25 წლის ქალი ერთ-ერთია იმ ჯგუფის წევრებიდან, რომლებიც გენერალური პროკურატურის თანამშრომლებმა, უკანონო შემოსავლის ლეგალიზებისთვის და თაღლითობისთვის დააკავეს.​

გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულებმა, გერმანიის და სხვა ქვეყნების მოქალაქეებისგან, დიდი ოდენობით თანხა მოტყუებით მიითვისეს. შემდეგ კი ბრალდებულები ამ შემოსავლის ლეგალიზებას ახდენდნენ. ჰქონდათ წინასწარ შემუშავებული სტანდარტული გეგმა, საბურთალოს ტერიტორიაზე მოაწყვეს ე.წ ქოლ ცენტრები, დასაქმებული ოპერატორები უკავშირდებოდნენ სხვა ქვეყნის მოქალაქეებს, არწმუნებდნენ მონაწილეობა მიეღოთ ფასიანი ქაღალდების, აქციების, კრიპტოვალუტების და სასაქონლო აქტივების ელექტრონულ ვაჭრობაში, სანაცვლოდ კი პირდებოდნენ, რომ სოლიდურ მოგებას მიიღებდნენ. დანაშაულებრივ ჯგუფს გახსნილი ჰქონდა საბანკო ანგარიშები, სადაც მოტყუებული მოქალაქეები თანხებს რიცხავდნენ. მილიონი ლარი - ეს ის თანხაა, რაც ოფიციალური ვერსიით ბრალდებულებმა უკანონო გზით მიიღეს.

დაკავებულებს ბრალი წარედგინათ, წინასწარი მოთავსების იზოლატორში უკვე შეხვდნენ ინტერესების დამცველებსაც. ამ ეტაპზე ცნობილია მხოლოდ დაკავებული მარიამ ქავთარაძის პოზიცია, ის დანაშაულს აღიარებს, ეთანხმება წარდგენილ ბრალდებას და აპირებს ითანამშრომლოს გამოძიებასთან.

ოფიციალური ვერსიით, ბრალდებულები გენერალურმა პროკურატურამ საგამოძიებო მოქმედებების დროს მოპოვებული მტკიცებულებებით დააკავა, მათ შორისაა აუდიო და ვიდეო ჩანაწერები, მოწმეების ჩვენებები, ჩხრეკისას ამოღებულია კომპიუტერული ტექნიკა, მახსოვრობის ბარათები და დოკუმენტები.

5 პირის გარდა სისხლის სამართლის დევნა უკვე დაწყებულია 17 პირის მიმართ, ხოლო კიდევ ერთი სავარაუდო დამნაშავის საქართველოში ჩამოყვანისთვის საექსტრადაციო პროცედურები მიმდინარეობს.

დღის ამბები