28 აგვისტო 2026,   23:23
ვრცლად
"კიევი იგერიებს მტრის შეტევას, აყენებს ზიანს შემტევ ჯგუფს და მტკიცედ იცავს გარკვეულ საზღვრებს" - უკრაინის გენშტაბის წარმომადგენელი

უკრაინა ბრძოლას განაგრძობს - რუსული საოკუპაციო ძალები დიდ ქალაქებს უტევენ. მშვიდობიანი მოსახლეობა დაბომბილი ქალაქებიდან ევაკუაციას საჭიროებს. ამ წუთებში უნდა დაიწყოს მოქალაქეების გაყვანის პროცესი ირპენიდან, მოხერხდება თუ არა ეს, მოგვიანებით გაირკვევა. აქამდე ბევრჯერ დაირღვა ჰუმანიტარული დერეფნის შეთანხმება და საოკუპაციო ძალებმა არაერთხელ გახსნეს ცეცხლი. ადგილობრივი გენშტაბი იტყობინება, რომ რუსული ძალები კიევის, სუმის, ხარკოვის, მარიუპოლის, ნიკოლაევისა და ჩერნიგოვის ალყაში მოქცევას ისევ ცდილობენ. ბრძოლებია იზუმში, შავი და აზოვის ზღვებიდან უკრაინა სამოქალაქო და სამხედრო ობიექტებზე თავდასხმებს ელის. 

"რუსეთის სამხედრო შემოჭრის წინააღმდეგ უკრაინელი ხალხის გმირული დაპირისპირების მეთოთხმეტე დღე დაიწყო. ჩვენი ჯგუფი განსაზღვრულ ოპერატიულ ზონებში აგრძელებს თავდაცვითი ოპერაციის განხორციელებას. ჩრდილოეთ და ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით საომარი მოქმედებები გრძელდება პოლისიისა და ვოლინის საოპერაციო ოლქებში, ასევე უკრაინის სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ და ნიჟინში, ივანიციაში, ტროსტიანეცის დასახლებებში. გრძელდება ქალაქ ჩერნიგოვის დაცვა. კიევი იგერიებს მტრის შეტევას, აყენებს ზიანს შემტევ ჯგუფს და მტკიცედ იცავს გარკვეულ საზღვრებს. არსებული ინფორმაციით, დიდი მსხვერპლის გამო, მტერი აგრძელებს ფარულ მობილიზაციას სასწავლო ბანაკებში ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე, კრასნოდარის მხარეში და დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ზოგიერთ რაიონში; გააქტიურდა აქტივობები მოხალისეების დასაკომპლექტებლად უკრაინაში ომისთვის. ოკუპანტები არ გამორიცხავენ უკრაინასთან ომში არაღიარებული დნესტრისპირეთ-მოლდოვის რესპუბლიკის 800-მდე სამხედრო მოსამსახურის ჩართვას, თუმცა, ამ პერსონალის მორალური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა დაბალია. 

ბერდიანსკში მტერმა დაიწყო პროპაგანდისტული მასალების გავრცელება, რომელიც მიზნად ისახავდა ჩვენი სახელმწიფოს სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობის დისკრედიტაციას. ჩერნიგოვის რეგიონის დასახლებებში, რომლებიც დროებით არის ოკუპირებული რუსული ჯარების მიერ, მტერი, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევით, აგრძელებს იარაღისა და სამხედრო ტექნიკის დამალვას საცხოვრებელ შენობებსა და სასოფლო-სამეურნეო ობიექტებს შორის. იყენებს სამედიცინო დაწესებულებების ქსელს დაჭრილ პერსონალის სამედიცინო დახმარების უზრუნველსაყოფად. ხერსონის რაიონში ირკვევა, რომ სამოქალაქო ტანსაცმლით გადაცმული რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სამხედროები ქალაქ ნიკოლაევისკენ დაიძრნენ, უკრაინის ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების დროს ოკუპანტებმა მნიშვნელოვანი დანაკარგი განიცადეს. ენდეთ მხოლოდ დადასტურებულ წყაროებს, ნუ ჩავარდებით პანიკაში და განაგრძეთ ტოტალური წინააღმდეგობა. ჩვენ გვჯერა ჩვენი შეიარაღებული ძალების. ერთად გავიმარჯვოთ! დიდება უკრაინას!,"-აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წარმომადგენელი. 

დღის ამბები