03 მაისი 2024,   16:19
ვრცლად
ომი და მოლაპარაკებების პერსპექტივები - რა მოთხოვნები აქვს ვლადიმერ პუტინს და რა გარანტიებს ითხოვს ზელენსკი

თურქეთის პირველმა დიპლომატმა კრემლის გზავნილები დმიტრო კულებას ჩაუტანა. სამშვიდობო დიალოგის შუამავალი უკრაინელ კოლეგას ლვოვში შეხვდა. დიპლომატებმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე თქვეს, რომ პუტინ-ზელენსკის შეხვედრა შესაძლებელია, თუკი მოლაპარაკება შეთანხმებისკენ წავა.

სწორედ ლვოვში გაირკვა, რომ უკრაინას სურს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულება გაეროს უშიშროების საბჭოს 5 მუდმივი წევრის, ასევე თურქეთისა და გერმანიის გარანტიებით. კულებამ ჩავუშოღლუს ისიც უთხრა, რომ მზადაა, ლავროვს კიდევ ერთხელ შეხვდეს. ოღონდ ძველი პროტოკოლით, რომ მოწინააღმდეგე მხარის დიპლომატს ხელი კვლავ არ ჩამოართვას. კიევისთვის ცეცხლის შეწყვეტა უპირობო მოთხოვნაა. 

ჩავუშოღლუს ლვოვში ჩასვლამდე თურქეთის პრეზიდენტმა სამშვიდობო დიალოგის პერსპექტივა რუსეთის ლიდერთან სატელეფონო საუბარში განიხილა. bbc-ის ინფორმაციით, რეჯეფ ტაიფ ერდოღანი პუტინს დაპირისპირებული ლიდერების პირისპირ შეხვდრის აუცილებლობაზე ესაუბრა. ოკუპანტი ფედერაციის მმართველმა კი ერდოღანს უთხრა, რომ მისი მოთხოვნები უცვლელია - უარი ნატოზე, ნეიტრალური სტატუსი და უკრაინაში რუსული ენის დაცვა. მოლაპარაკების მეორე ნაწილად პუტინი ზელენსკისთან პირისპირ შეხვედრას განიხილავს, სადაც დონბასის სტატუსსა და ყირიმთან დაკავშირებით იმსჯელებს. 

სამშვიდობო შეთანხმების შესახებ ვლადიმერ პუტინი გერმანიის კანცლერსაც ესაუბრა, სადაც კიევი მოლაპარაკებების გაჭიანურებაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა. ოლაფ შოლცმა პუტინს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა. საუბარი შედგა საფრანგეთის პრეზიდენტთანაც. ემანუელ მაკრონი შესაძლოა, პირველი პრეზიდენტი გახდეს, რომელიც ომის დაწყების შემდეგ კიევში ჩავა.

უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტების პირისპირ აუდიენცია შესაძლოა უახლოეს კვირებში გაიმართოს, მას შემდეგ რაც სადავო საკითხები მოგვარდება. ზელენსკის მრჩეველი იმასაც ამბობს, რომ შეხვდრის ადგილს მნიშვნელობა არ აქვს.

დღის ამბები