26 აპრილი 2024,   10:23
ვრცლად
11 ოლიგარქი პუტინის გარემოცვიდან, რომელთაც სანქციებისგან ქონების გადამალვა მოახერხეს - ჟურნალისტური გამოძიების შედეგები

რუსი ოლიგარქები პანიკაში არიან. დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების შემდეგ პუტინთან დაახლოებული მილიარდერები კაპიტალის დამალვას ცდილობენ. გადამალულ მილიარდებს საგამოძიებო ჟურნალისტთა გუნდმა მიაგნო. მხოლოდ ამ პროექტის ფარგლებში აღმოჩენილია 17,5 მილიარდი დოლარის ოდენობის საიდუმლო ქონება. თუმცა, კაპიტალის გადამალვის მიუხედავად, რუსმა ოლიგარქებმა უკვე მნიშვნელოვნად იზარალეს. დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების შემდეგ რუსეთის 10-მა ყველაზე მდიდარმა პერსონამ დაახლოებით 40 მილიარდი დოლარი დაკარგა.

56 წლის საოდათ ნარზიევა ამჟამად უზბეკეთში ცხოვრობს და ტაშკენტის მეექვსე სამშობიაროში მუშაობს, თუმცა გინეკოლოგის ხელფასისთვის უჩვეულოდ დიდ ქონებას ფლობს. მის საკუთრებაში მდიდრული სასახლეები, იახტა, პირადი თვითმფრინავი და შვეიცარიის ბანკში მის სახელზე გახსნილი 27 ანგარიშია. ჟურნალისტური გამოძიებით ირკვევა, რომ საოდათ ნარზიევა პუტინთან დაახლოებული ცნობილი ოლიგარქის, ალიშერ უსმანოვის დაა. მას დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციები ჯერ არ შეხებია, თუმცა ფაქტია, რომ ბოლო პერიოდში შვეიცარიის ბანკში გახსნილ ანგარიშებზე მილიარდობით დოლარის ტრანზაქცია განხორციელდა. 
 
ალექსეი მორდაშოვი სხვას არ ენდო. "ფორბსის" ინფორმაციით, მან ასეულ მილიონებად შეფასებული აქტივები საკუთარი მეუღლის ანგარიშებზე გადაიტანა. მეუღლის სახელზე აქვს გადაფორმებული ლონდონის მრავალმილიონიანი ქონება იგორ შუვალოვსაც
 
ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ოჯახის წევრების სახელზე ქონების გადამალვა ყველაზე პრიმიტიული გზაა. რუსი ოლიგარქები უკვე წლებია საკუთარ მილიარდებს გაცილებით მოხერხებულად, ოფშორულ ზონებში მალავენ. ოფშორშია რეგისტრირებული ალფა ბანკის მფლობელის მიხაილ ფრიდმანის სახელთან დაკავშირებული არაერთი კომპანია. სავარაუდოდ სწორედ იქ ინახება ოლიგარქის ძირითადი ფინანსები, თუმცა თავად აცხადებს, რომ საერთაშორისო სანქციებმა იმდენად დააზარალა, რომ დამლაგებლის ფულიც აღარ აქვს. 
 
საერთო ჯამში, ჟურნალისტებმა მოიძიეს ინფორმაცია ვლადიმირ პუტინის გარემოცვაში მყოფი 11 ოლიგარქის იმ საიდუმლო ქონებაზე, რომლის გაყინვაც დასავლეთმა ჯერ ვერ მოახერხა. სიაში მოხვდა რომან აბრამოვიჩის, გენადი ტიმჩენკოს, ოლეგ დერიპასკას და იგორ სეჩინის დაფარული მილიარდები. 
 
კრემლის მიერ დევნილი მილიარდერი მიხეილ ხადარკოვსკი ამბობს, რომ პუტინი მხოლოდ მაშინ შეჩერდება, თუ მის ყველა ბანკირს ანგარიშებს გაუყინავენ. ნავთობის ყოფილი მაგნატი დასავლეთს მოუწოდებს, იპოვოს და დაბლოკოს აბსოლუტურად ყველა ოლიგარქის კაპიტალი. 
 
ოლიგარქების ნაწილმა ასეულ მილიონებად შეფასებული იახტები მალდივებზე, ნაწილმა კი თურქეთში გადაიყვანა. ანკარა მზადაა, დასავლეთის მიერ სანქცირებულ რუს მილიარდერებს თურქეთში ოპერირების საშუალება მისცეს. ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დოჰას საერთაშორისო ფორუმზე განაცხადა. 
 
ორგანიზაცია "ეკონომიკური კვლევების ეროვნული ბიურო“ ვარაუდობს, რომ მდიდარი რუსები უცხოეთში იმაზე მეტ ქონებას ფლობენ, ვიდრე რუსეთის მთელი მოსახლეობა. სხვადასხვა საერთაშორისო კვლევით,რუსული ქონების სულ მცირე 60 პროცენტი ოფშორებშია დამალული.
დღის ამბები