საქართველო 191 ქვეყანას შორის პირველ ადგილზეა უკრაინისთვის 400 ტონა ჰუმანიტარული ტვირთის მიწოდებით. შესაბამის ოფიციალურ მონაცემებს უკრაინის სახელმწიფო ფოსტა "Ukrposhta" აქვეყნებს.
ამავე უწყების ცნობით, საქართველო იმ 14 ქვეყანას შორისაც დასახელდა, რომელიც ფიზიკურ და იურიდიულ პირებს აძლევს საშუალებას უფასოდ გააგზავნონ საფოსტო გზავნილები (ამანათები) უკრაინის მიმართულებით მათთვის სასურველ ადრესატებთან.
"უკრპოშტის" მონაცემებით, მეორე ადგილზეა რუმინეთი - 80 ტონა ჰუმანიტარული ტვირთით, მესამეზე კი ბელგია 40 ტონა ტვირთით. უკრაინის ფოსტის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია 1-ლი აპრილის მონაცემებს ასახავს.
შესაბამის ინფორმაციას აქვეყნებს საქართველოს ფოსტაც:
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, უკრაინაში პირველი ჰუმანიტარული ტვირთი თებერვალში გაიგზავნა. ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ქვეყნის ყველა რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულებისა და მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ჩართულობით, მთელი საქართველოს მასშტაბით, ჰუმანიტარული ტვირთი შეგროვდა და უკრაინაში გაიგზავნა რამდენიმე კვირის წინ.
უკრაინელთა დასახმარებლად ჰუმანიტარული ტვირთი შეაგროვა და უკრაინაში გააგზავნა საქართველოს პარლამენტმა, თბილისის მერიამ, საპატრიარქომ, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ.
გარდა ამისა, მთავრობის ინიციატივით, სააგენტომ "აწარმოე საქართველოში" კამპანია "აწარმოე უკრაინისთვის" წამოიწყო, რომლის ფარგლებშიც ქართული კომპანიების წარმოებული ან მათ მიერ შეძენილი სხვადასხვა საჭიროების პროდუქცია უკრაინაში სამ ეტაპად გაიგზავნა.
უკრაინაში ჰუმანიტარული ტვირთების გაგზავნა ლოგისტიკურად "საქართველოს ფოსტამ" უზრუნველყო უკრაინის ფოსტასთან თანამშრომლობით. ამასთან, "საქართველოს ფოსტამ" დაიწყო კამპანია და უკრაინელი ხალხის სოლიდარობის ნიშნად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ფიზიკური პირებისგან, უფასოდ აგზავნის ჰუმანიტარული დანიშნულების საფოსტო გზავნილებს უკრაინის მიმართულებით.
ასევე, "საქართველოს ფოსტის" თანამშრომლებმა, უკრაინის სახელმწიფო ფოსტის "Ukrposhta" თანამშრომლებს, სოლიდარობის ნიშნად, გაუგზავნეს ჰუმანიტარული დანიშნულების ამანათი.
უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე საქართველოდან უკრაინელი ხალხის დახმარების მიზნით, სხვადასხვა საჭიროების პროდუქცია, მათ შორის საკვები და სასმელი პროდუქცია, პირველადი მოხმარებისა და სამედიცინო დახმარების ნივთები გააგზავნა.