26 აპრილი 2024,   10:16
ვრცლად
რა საფრთხეებია მოსალოდნელი უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე - პარლამენტში დაზვერვის სამსახურის, თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს ელოდებიან

რა საფრთხეებია მოსალოდნელი უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე - თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე დაზვერვის სამსახურის, თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს ელოდებიან. ისინი სწორედ ამ თემაზე ისაუბრებენ და დეპუტატების კითხვებსაც უპასუხებენ. შეხვედრა დახურული იქნება.

"მნიშვნელოვანია, რომ დღეს დაზვერვის სამსახურის და თავდაცვის სამინისტროს ერთობლივ შეხვედრაზე დახურულ ფორმატში ვისაუბრებთ იმ საფრთხეებსა და გამოწვევებზე, იმ გაუარესებულ გარემოზე, რომელიც რუსეთის აგრესიას მოჰყვა საქართველოში, არის ტერიტორიების 20% ოკუპირებული. ამასთან ერთად, შავი ზღვის უსაფრთხოების ინიციატივაში საქართველოს მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა და ამ კონტექსტში, მნიშვნელოვანია, მოვისმინოთ შეფასებები, რა ნაბიჯებს დგამს თავდაცვის სამინისტრო ამ საფრთხეების შესამცირებლად," - აცხადებს "რეფორმების ჯგუფის" წევრი თეონა აქუბარდია.
 
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ბერაიას განცხადებით, რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის ფონზე, დღევანდელი მოსმენა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.
 
"დღევანდელი მოსმენა დაეთმობა რეგიონული უსაფრთხოების გარემოს შეფასებას, შესაბამის ინფორმაციას წარმოადგენენ შესაბამისი უწყებები, როგორიცაა დაზვერვის სამსახური, თავდაცვის ძალების სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტი, ისაუბრებენ, ასევე, თავდაცვის ძალების წარმომადგენლები. დღევანდელი მოსმენა იძენს განსაკუთრებულ მნიშვნელობას რეგიონში უსაფრთხოების გარემოს გაუარესების გათვალისწინებით. ჩვენ გვექნება საუბარი საუბარი რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებულ ომზე, თუ რა გავლენას ახდენს საომარი მოქმედებები როგორც რეგიონზე, ასევე ჩვენი ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებაზე. დარწმუნებული ვარ, ეს იქნება ძალიან საინტერესო და პროდუქტიული დისკუსია,"-აცხადებს ირაკლი ბერაია.
დღის ამბები