28 აპრილი 2024,   16:45
ვრცლად
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე პოლიტიკურ ოპონენტებს და ომბუდსმენს ბრალს ომის გაჩაღების სურვილში სდებს - რას პასუხობენ კობახიძის ბრალდებას ოპოზიციაში

"ქართული ოცნება" ქვეყნის შიგნით დაგეგმილი არეულობის კიდევ ერთ სცენარზე საუბრობს. სქემაში მოყოლილია ყველაფერი: სააკაშვილის ჩამოსვლა, დესტაბილიზაცია, ხელისუფლების ხელში ჩაგდება და ომი.  ჩამოთვლილია პოლიტიკური სუბიქტებიც. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ომის პარტიაში რამდენიმე პარტია და ერთი ომბუდსმენია.

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის თქმით, ექსპრეზიდენტი სააკაშვილი საქართველოში ერთადერთი მიზნით ჩამოვიდა, ქვეყანაში ჯერ არეულობა უნდა მოეწყო, რასაც ხელისუფლების ცვლილება უნდა მოჰყოლოდა, ბოლოს კი საქართველოში ომის მეორე ფრონტი გაიხსნებოდა.

"ნაციონალურ მოძრაობაში" ბრალდებას უარყოფენ და მმართველი გუნდის მიერ დღეს მოყოლილ კონკრეტულ სცენარს არასერიოზულად მიიჩნევენ. მთავარ ოპოზიციურ პარტიაში აცხადებენ, რომ ომზე დღეს აქტიურად თავად "ქართული ოცნება" საუბრობს, თუმცა სხვა მიზნით. 

ომში ჩართვის მიზნით "ნაციონალურ მოძრობასთან" თანამშრომლობას უარყოფენ "ლელოშიც" და გახარიას პარტიაშიც. პოლიტიკურ ძალებში კობახიძის განცხადებას აბსურდული უწოდეს. თქვეს, რომ მსგავსი ბრალდებებით მმართველი გუნდი საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს. 

"ქართულ ოცნებაში" დღეს ისიც თქვეს, რომ სწორედ საქართველოს ომში ჩართვის მცდელობას უკავშირდება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნაც. ირაკლი კობახიძის თქმით, ვინც სააკაშვილის ციხიდან გამოსვლას მხარს უჭერს, ის ომის მხარდამჭერიცაა.

სააკაშვილის გათავისუფლებას "ნაციონალური მოძრაობის" გარდა მხარს სხვა ოპოზიციური პარტიების ნაწილიც უჭერს, სადაც ფიქრობენ, რომ ეს ომში ჩართვის მიზნის თანამონაწილეობას არ ნიშნავს. პოლიტიკოსები ფიქრობენ, რომ ექსპრეზიდენტის საპატიმროდან გამოსვლა ქვეყანაში პოლარიზაციის ხარისხს შეამცირებს. 

ირაკლი კობახიძის ბრალდებას დღეს სახალხო დამცველმაც უპასუხა, რომელმაც გუშინ პენიტენციურ სამსახურს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე სპეციალური რეკომენდაციით მიმართა. 

სააკაშვილის გათავისუფლების მომხრეებს დღეს უმრავლესობის წევრებმა უთხრეს, რომ მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გამოსვლა ვითარების განმუხტვის ნაცვლად ქვეყანაში სიტუაციას კიდევ უფრო გაამწვავებს. მეტიც, "ოცნების" წევრები ამტკიცებენ, რომ ექსპრეზიდენტის გათავისუფლებას ქვეყანაში სამხედრო კონფლიქტის დაწყება მოჰყვება.

მეორე ფრონტის გახსნის მცდელობაზე სააკაშვილის და თბილისსა და კიევში მისი თანამოაზრეების მხრიდან უკვე არაერთი განცხადება გაკეთდა მმართველი გუნდის მხრიდან, დღეს კი პარტიის თავმჯდომარემ კონკრეტული სცენარიც გაახმოვანა და ოპონენტებს უთხრა, რომ ვინც ექსპრეზიდენტის გათავისუფლებას ითხოვს, საქართველოს ომში ჩართვის თანამონაწილე ხდება.

დღის ამბები