28 აპრილი 2024,   16:36
ვრცლად
აშშ-ის​ კონგრესმა ე.წ. ლენდ ლიზის პროგრამა დაამტკიცა, რომელიც ვაშინგტონს საშუალებას აძლევს უკრაინას შეიარაღება უფრო სწრაფად და ეფექტური გზით გადასცეს

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა ე.წ. ლენდ ლიზის პროგრამა დაამტკიცა, რომელიც ვაშინგტონს საშუალებას აძლევს, უკრაინას შეიარაღება უფრო სწრაფად და ეფექტური გზით გადასცეს. კანონს მხარი დაუჭირა 417-მა კანონმდებელმა, წინააღმდეგი იყო 10. ე.წ. ლენდ ლიზის პროგრამა ბოლოს ამერიკამ მეორე მსოფლიო ომის დროს აამოქმედა. ამ გადაწყვეტილებით შემცირდება ბიუროკრატიული ბარიერები. 

ამერიკის კონგრესის ქვედა პალატამ კენჭი უყარა და დაამტკიცა უკრაინის დემოკრატიის დამცველი ლენდ-ლიზის აქტი, რომელმაც ვაშინგტონს კიევისთვის შეიარაღების მიწოდება უნდა გაუადვილოს და ეს პროცესი დააჩქაროს. მეორე მსოფლიო ომის დროინდელი, მოკავშირეების დახმარებისთვის მიღებული კანონი, ამერიკამ 81 წლის შემდეგ გააცოცხლა, ამჯერად რუსეთის მიერ დაწყებულ სასტიკ ომში უკრაინის და რეგიონში მისი მოკავშირეების დასაცავად. ქვედა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ ხაზი გაუსვა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დროის მოგება ასეთ ვითარებაში.

"დრო ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. ჩვენ საშუალებას ვაძლევთ ადმინისტრაციას, სწრაფად იმოქმედოს, უკრაინის უსაფრთხოების ძალები გააძლიეროს და მისცეს მათ საშუალება რუსი დამპყრობლების მოსაგერიებლად, უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად და სანუკვარი დემოკრატიის შესანარჩუნებლად. ვიდრე უკრაინაში ომი მძვინვარებს, ყველა წუთი გადამწყვეტია,"-აცხადებს ნენსი პელოსი წარმომადგენელთა პალატის სპიკერი.

კენჭისყრის დაწყებამდე, სხდომათა დარბაზში ემოციური და ხმაურიანი გამოსვლები ისმოდა. რესპუბლიკელთა ნაწილმა, უკრაინის თემაზე და ლენდ ლიზის აქტზე საუბრის ნაცვლად, თავისი დრო ამერიკის სამხრეთ საზღვრის დაუცველობაზე და პრეზიდენტის გასაკრიტიკებლად გამოიყენა, რასაც დემოკრატების მხრიდან მწვავე რეაქცია მოჰყვა.

"ეს არასოდეს უნდა მომხდარიყო და უდაოდ, არ ხდებოდა ცოტა ხნის წინ, ტრამპის ადმინისტრაციის დროს, როდესაც ჩვენ გვქონდა ყველაზე მეტად დაცული საზღვარი ბოლო ათწლეულების განმავლობაში. დაჟინებით მოვუწოდებ კონგრესს, ამ საკითხს ძალიან სერიოზულად მოეკიდოს. როდესაც სხვა ქვეყნებს და სხვა საზღვრებს განვიხილავთ, არსებობს ერთი ქვეყანა, რომლისთვისაც ფიცი დავდეთ, რომ კანონს დავიცავდით," - აცხადებს ჯორჯიის შტატის წარმომადგენელი მარჯორი ტეილორ გრინი.

მერილენდის შტატის წარმომადგენლის განცხადებით, ჯორჯიას წარმომადგენელს არც კი უხსენებია უკრაინაში მიმდინარე მძიმე მოვლენები, ფაქტები, რომელიც ცხადყოფს, რომ უკრაინაში უდანაშაულო ადამიანებს ხოცავენ. 

"შეერთებული შტატები ყველაზე საოცარი სანახაობის მომსწრე გახდა. ჩვენ აქ უკრაინელი ხალხის დახმარების საკითხზე მსჯელობისთვის ვართ, რათა ვლადიმირ პუტინის და მისი არმიის მასიური შეჭრისგან დაიცვან თავი. ჯორჯიის გამორჩეულ წარმომადგენელს კი უკრაინა ერთხელაც არ უხსენებია. არ უხსენებია პუტინის არმიის მიერ გაჟლეტილი ათასობით მშვიდობიანი უკრაინელი, არ უხსენებია ასზე მეტი მოკლული უკრაინელი ბავშვი. სამაგიეროდ ის საზღვარზე მასიურ შემოჭრაზე საუბრობს," - აცხადებს ჯეიმი რასკინი.

მარჯორი ტეილორ გრინის ჩათვლით, ქვედა პალატაში აღმოჩნდა 10 წევრი, რომელმაც ლენდ ლიზის აქტს მხარი არ დაუჭირა, თუმცა 435 წევრიანი პალატისთვის ეს ძალიან მცირე რაოდენობაა. უმრავლესობის ლიდერმა აქტის მიღების მორალური ვალდებულებაზე ისაუბრა.

"ეს არ არის პარტიული საკითხი. საქმე თავისუფლებას, დემოკრატიას, მორალს ეხება. ამ საკითხმა არ უნდა გაგვყოს 435 წევრი, რომელიც ამ პალატაში ვმსახურობთ. როგორც კი კანონი ამოქმედდება, ბაიდენის ადმინისტრაციას გაუჩნდება კიდევ ერთი მექანიზმი, სამხედრო დახმარებამ უკრაინას სწრაფად და ეფექტურად მიაღწიოს და დემოკრატია დაიცვას. ჩვენ თავისუფლების მეტი არაფერი გვმართებს," - აცხადებს უმრავლესობის ლიდერი სტენი ჰოიერი.

"დღეს მე საქართველოს და კოსოვოს პრეზიდენტებს შევხვდი. ორივე შეშფოთებულია, რომ პუტინს მზერა მათ ქვეყნებზეც აქვს მიმართული და ეს ასეა, ის იყურება ბალკანეთისკენ, ლიეტუვისკენ, ესტონეთისკენ, ლატვიისკენ და ეს ქვეყნ ებიც სურს. ის არ გაჩერდება, ვიდრე ამას ჩვენ არ გავაკეთებთ,"- აცხადებს ტენესის შტატის წარმომადგენელი სტივ კოენი.

სენატში დამტკიცების შემდეგ, ლენდ ლიზის აქტი კონგრესის ქვედა პალატაშიც მიღებულია, რაც ნიშნავს იმას, რომ კანონის ასამოქმედებლად, მასზე მხოლოდ პრეზიდენტის ხელმოწერა დარჩა.

დღის ამბები