28 აპრილი 2024,   21:07
ვრცლად
"შეაჩერეთ ეს განადგურება, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში მთელი მსოფლიო, შესაძლოა, "აზოვსტალად" გადაიქცეს" - "აზოვის" მებრძოლების ოჯახის წევრების მორიგი მიმართვა

"აზოვსტალის" ქარხანაში გამაგრებული მებრძოლების ოჯახის წევრები მიმართვას ავრცელებენ. ისინი "აზოვის" ბატალიონის წევრების გაუსაძლის პირობებზე საუბრობენ და დახმარებისთვის საერთაშორისო ლიდერებს მიმართავენ.

მებრძოლების ოჯახის წევრების განცხადებით, მტერი იყენებს ყველანაირ იარაღს, მათ შორის აკრძალულსაც, ისინი "აზოვსტალს" ბომბავენ ზღვიდან, ჰაერიდან და ხმელეთიდან.

"აზოვის" ბატალიონის ოჯახის წევრები ჩინეთის ლიდერს, სი ძინ პინს სთხოვენ შეუერთდეს მარიუპოლელების დამცველთა გადარჩენის პროცესს.

"მე მივიღე შეტყობინება ჩემი მეუღლისგან, როგორც ის ამბობს, რუსეთს შეუძლია გაუშვას 500 ბომბი და 40 რაკეტა რამდენიმე საათის განმავლობაში და გამოიყენოს ქვეითები ჩვენი მეომრების მოსაკლავად, მაგრამ ის ამას არ აკეთებს. რუსეთი ცდილობს გაახანგრძლივოს ეს წამება. ისინი "აზოვსტალს" ბომბავენ ყველანაირი იარაღით, ბომბავენ ზღვიდან, ჰაერიდან და ხმელეთიდან. მტერი აკრძალულ იარაღსაც იყენებს. ლიდერები ჩუმად არ უნდა იყვნენ, შეაჩერეთ ეს განადგურება, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში მთელი მსოფლიო, შესაძლოა, "აზოვსტალად" გადაიქცეს. ჩვენ სიკვდილის არ გვეშინია, ჩვენ გვეშინია ისეთ მსოფლიოში ცხოვრების, სადაც ღირებულებები განადგურებულია. იმედი გვაქვს, რომ ჩინეთს შეუძლია მიიღოს რთული გადაწვეტილება ღირებულებების, სიკეთის მხარდასაჭერად. ჩვენ ვთხოვთ სი ძინ პინს გამოიჩინოს აღმოსავლური სიბრძნე, ზრუნვა ღირებულებებისადმი და ვთხოვთ, რომ შეუერთდეს მარიუპოლელების დამცველთა გადარჩენის პროცესს," - ამბობს ერთ-ერთი მებრძოლის ცოლი ჰანა ივლიიევა.

მებრძოლების ოჯახის წევრების თქმით, "აზოვსტალში" მყოფ ბატალიონის წევრებს არ აქვთ მედიკამენტები და საკვების და წყლის სიმწირეს განიცდიან. ისინი მსოფლიო ლიდერებს სთხოვენ, "აზოვის" მცველების ნეიტრალურ ტერიტორიაზე გადაყვანაში დაეხმარონ.

"ჩემი ვაჟი "აზოვშია". მუდმივი დაბომბვების ფონზე იქ ნამდვილი ჯოჯოხეთია. მათ არ აქვთ შესაბამისი სამედიცინო დახმარება, მედიკამენტები. შეზღუდული აქვთ საკვები და წყალი. ჩვენ, მშობლები, იქ მყოფთა ახლობლები და ოჯახის წევრები გლობალურ საზოგადოებას ვთხოვთ, რომ ჩვენი დამცველები, დაჭრილები მესამე ქვეყანაში გადაიყვანონ, ნეიტრალურ ტერიტორიაზე,“ - აღნიშნა ერთ-ერთი მებრძოლის მამამ სტავრ ვიშნიაკიმ.

დღის ამბები