28 აპრილი 2024,   18:47
ვრცლად
რუსეთი ხარკოვს ტოვებს - უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი დაბომბვებისა და შეტაკებების ეპიცენტრი იყო

რუსეთი ხარკოვს ტოვებს. ომის პირველივე დღიდან უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი დაბომბვებისა და შეტაკებების ეპიცენტრი იყო. 

ხარკოვი რუსეთის ქალაქ ბელგოროდიდან სულ რაღაც 80 კილომეტრშია. უკრაინის თავდაცვა ქალაქიდან ოკუპანტების უკუგდებას აღნიშნავს. დონბასის რეგიონში უკვე გამოჩნდა დასავლეთისგან გამოგზავნილი შეიარაღება. მიღებული მძიმე არტილერია და ჯავშანტექნიკა უკრაინელებს ეხმარება, რომ არათუ გაუძლონ რუსულ შეტევებს, არამედ კონტრშეტევაზეც გადავიდნენ. 

დონეცკის ოლქში უკრაინელმა სამხედროებმა ღამის განმავლობაში ოკუპანტის 10 შეტევა მოიგერიეს. განადგურდა აგრესორის 5 ერთეული ტანკი, 5 საარტილერიო სისტემა და 6 ჯავშანმანქანა. მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა დასახლებულ პუნქტებს.

საარტილერიო იერიში გააქტიურდა სლოვიანსკის ტერიტორიაზე. იბომბება არამხოლოდ სამხედრო, არამედ სამშვიდობო ინფრასტრუქტურაც. 10-მდე საცხოვრებელი კორპუსია განადგურებული ლუგანსკის ოლქში. 

ნაკლებად აქტიურობდა მტერი ოდესის ოლქში. ამის მიზეზებზე  ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ისაუბრა. სერგეი ბრატჩუკის თქმით, ოკუპანტების ყურადღება ახლა კუნძულ ზმეინიზეა ფოკუსირებული.

ჩერნიგოვის ოლქში ოკუპანტებმა რამდენიმე სოფელი დაბომბეს. განადგურებულია რამდენიმე საცხოვრებელი სახლი. ვრცელდება დაუდასტურებელი ცნობები ორი მშვიდობიანი მოქალაქის დაღუპვის შესახებ. თუმცა, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო სამოქალაქო პირების მკვლელობას კვლავაც, კატეგორიულად უარყოფს.

დაღუპული ბავშვების შესახებ რუსეთის გენშტაბში ისევ არ საუბრობენ. უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით კი, ოკუპანტების ინტერვენციას 227 არასრულწლოვანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავდა 420 ბავშვი. მძიმე სტატისტიკა აქვთ გაერთიანებული ერების ორგანიზაციაშიც. 24 თებერვლიდან დღემდე ოკუპანტებმა 3573 მშვიდობიანი მოკლეს, დაიჭრა 3816.

დღის ამბები