26 აპრილი 2024,   12:02
ვრცლად
სად არიან მარიუპოლის მცველები და რა ბედი ელით აზოველებს - ვერსიები განსხვავებულია

მარიუპოლში, ფოლადის ქარხნის ტერიტორია 959-მა უკრაინელმა სამხედრომ დატოვა. მათგან 80 დაჭრილი იყო. ეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემებია. ამ ვერსიას, ოფიციალური კიევი ჯერ არ ადასტურებს.

ამ ეტაპზე უცნობია ისიც, თუ სად გადაჰყავთ ოკუპანტებს ჩხრეკის და ტრანსპორტში გადანაწილების შემდეგ უკრაინელი სამხედროები. მოსკოვი ირწმუნება, რომ "აზოვსტალიდან" მებრძოლები რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ქალაქ ელენოვკაში სამკურნალოდ ჩაიყვანეს. მაგრამ არსებობს ალტერნატიული ვერსიაც, რომ "აზოველები" ე.წ "ფილტრაციის" ბანაკში არიან, სადაც, შესაძლოა, წამების და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლნი გახდნენ.

ვერსიები განსხვავებულია, ისევე, როგორც "აზოვის" მებრძოლთა გამოყვანის პროცესის შეფასება. კიევი მას ევაკუაციას უწოდებს, რუსეთი კი ტყვედ ჩაბარებას. აქამდე, განსხვავებული იყო ცნობები ქარხნიდან გამოყვანილი სამხედროების შესახებაც. კრემლში ამტკიცებენ, რომ ტყვედ 256 უკრაინელი ჩაბარდა, მათგან 51 დაჭრილი იყო. უკრაინის მთავრობის წარმომადგენელთა განცხადებით, კი საუბარია 264 ჯარისკაცზე, რომელთაგან დაშავებული 53 იყო.

ევაკუაციის პროცესის შეფერხებების გარეშე დასრულებისთვის, "აზოვის" პოლკის დამფუძნებელი საზოგადოებას თავშეკავებისკენ მოუწოდებს. ანდრეი ბილეცკის თქმით, ნებისმიერი განცხადება, ან თუნდაც სოციალური ქსელით გავრცელებული პოსტი, შესაძლოა, საბედისწერო აღმოჩნდეს.

მანამდე კი ისტორიები განსხვავებულია. ოკუპანტების პროპაგანდისტულ არხზე, 16 მაისს ბატალიონ "ვოსტოკის" მეთაურმა განაცხადა, რომ "აზოვის" ბატალიონის წარმომადგენლები თეთრი დროშით გამოვიდნენ. რასაც მალევე მოჰყვა ვიდეო მასალა. თუმცა, კადრების ავთენტურობა, ამ დრომდე არ არის დადგენილი.

ამ განცხადებიდან მალევე, გავრცელდა კიდევ ერთი ვიდეომასალა, ამჯერად უკრაინელი ბლოგერების მიერ. ისინი ირწმუნებოდნენ, რომ "აზოვის" პოლკის წევრებს დროშები არ ჰქონიათ. მათ მხოლოდ დაჭრილი თანამებრძოლები გამოიყვანეს. ესეც, მხოლოდ მას შემდეგ, რაც ხელმძღვანელებისგან ამის ბრძანება მიიღეს.

გადაწყვეტილება შესაძლოა რუსეთმა შეცვალოს. ეჭვებს ამყარებს ის ფაქტი, რომ დღეს დუმაში ე.წ "ნაცისტი დამნაშავეების" გაცვლის აკრძალვასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე მსჯელობენ.

ტყვეების გაცვლის პროცედურის დაბრკოლების კიდევ ერთი მიზეზი, შესაძლოა, პუტინის კიდევ ერთი უსიამოვნო სიურპრიზი გახდეს. ცნობილი ხდება, რომ ზუსტად 8 დღეში რუსეთის უზენაესი სასამართლო "აზოვის" პოლკს ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადებს.

ჯერჯერობთ უცნობია, კიდევ რამდენი მებრძოლი რჩება ფოლადის ქარხნის ტერიტორიაზე. აქამდე არსებული ინფორმაციის თანახმად, იყო 2500 სამხედრო მოსამსახურე, რომელთაგან 600 მძიმედ დაიჭრა.

დღის ამბები