26 აპრილი 2024,   16:05
ვრცლად
უკრაინა და ომის 94-ე დღე - ბოლო ცნობები ცხელი წერტილებიდან   

ბრძოლა სევეროდენცკისთვის გრძელდება. ოკუპანტები ინტენსიურად უტევენ დასახლებულ პუნქტებს და უკრაინელი სამხედროების პოზიციებს. მედიაში გავრცელებული ცნობის თანახმად, რუსეთის არმია ტერიტორიის 2/3-ს აკონტროლებს. უკრაინის გენშტაბი კი ირწმუნება, რომ ოკუპანტებმა მნიშვნელოვანი პოზიციები დათმეს და უკან დაიხიეს, თუმცა რა პერიოდით, ჯერჯერობით, უცნობია. ასევე, ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, ლუჰანსკის ტერიტორიაზე ამ დროისთვის 10 000-ზე მეტი რუსი სამხედრო იმყოფება. 

ოკუპანტებმა 14 დასახლება დაბომბეს დონეცკში. არიან დაღუპულები და დაშავებულები, მაგრამ მსხვერპლის ზუსტი რაოდენობა, ჯერჯერობით, უცნობია. განადგურდა 32 სამოქალაქო ობიექტი - საცხოვრებელი კორპუსი, სახანძრო განყოფილება, რეკრეაციული ცენტრი, სამშენებლო და სასოფლო-სამეურნეო საწარმო.

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, დონეცკისა და ლუჰანსკის მიმართულებით მტრის 8 შეტევა მოიგერიეს. განადგურებულია ოკუპანტების 5 ტანკი, 10 ერთეული ჯავშანტექნიკა და 4 მანქანა. საჰაერო თავდაცვის ნაწილებმა გაანადგურეს "ორლან-10" ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი.

მთელი ღამის განმავლობაში იბომბებოდა ხარკოვის ოლქი. იერიში ამჯერადაც სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე მიიტანეს. რამდენიმე ჭურვი საცხოვრებელ ზონაში ჩამოვარდა, თუმცა ზუსტი ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ ჯერჯერობით არ გავრცელებულა. საპასუხოდ უკრაინელმა სამხედროებმა "კა-52" ტიპის საბრძოლო ვერტმფრენი ჩამოაგდეს.

უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებთან დაკავშირებით დაზვერვის მონაცემებს დიდი ბრიტანეთი აქვეყნებს. გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის უწყების ცნობით, ლიმანის უდიდეს ნაწილს ახლა რუსული შენაერთები აკონტროლებენ. ეს კი მათ დონბასზე შეტევის მომდევნო ფაზაში უპირატესობას მისცემს.

რუსულ ინტერვნეციის დასასრული ჯერჯერობთ შორეული პერსპექტივაა, თუმცა არა მიუღწევადი მიზანი. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკი ნიდერლანდების ტელევიზიასთან ინტერვიუში აცხადებს. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მოლაპარაკებებს აზრი აქვს მხოლოდ ორი ქვეყნის ლიდერის პირისპირ შეხვედრის შემთხვევაში.

ასეთი სტატუს კვო კი მიუღებელია რუსეთისთვის. ამაზე ვაშინგტონში საუბრობენ. პენტაგონის პრესმდივნის თქმით, აგრესიის დასრულება პუტინის ინტერესებში არ შედის. შესაბამისად ნებისმიერი პოზიტიური მოლოდინი, უადგილოა.

დღის ამბები