"ენმ-ის" წევრი, ნონა მამულაშვილი მიიჩნევს, რომ აუცილებელია მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ წაყვანა და აუცილებელია, "ნაცმოძრაობა" უფრო აქტიური იყოს.
"ერთადერთი გამოსავალი დღეს არის, მიხეილ სააკაშვილი ჰუმანიტარული წესით გავიყვანოთ და საზღვარგარეთ ვუმკურნალოთ, რადგან დღეს ჩვენ ვუყურებთ მისი სიკვდილის ქრონიკას. მე ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ, როგორც მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური პარტია, უფრო აქტიურები ვიყოთ და მეტ საერთაშორისო ასპარეზზე დავაფიქსიროთ ეს პოზიცია, რადგან ბევრად მეტის გაკეთება შეიძლება საერთაშორისო ასპარეზზე, თუ ადგილობრივად ვერ ვახერხებთ ჩვენ ხალხის მობილიზებას.
თანმიმდევრულობის პრობლემა გვაქვს და ძალიან ხშირად ვცვლით სტრატეგიას იმის ნაცვლად, რომ ტაქტიკური სვლები ვცვალოთ. ვფიქრობ, ბრძოლის სტრატეგია არის სუსტი და შესაბამისად, მოსახლეობაშიც არის გაწბილება.
ეს არის ერთ-ერთი ფაქტორი, მაგრამ არა მარტო ერთი ფაქტორი. იმისთვის, რომ ბრძოლაში მოიგო, სტრატეგია სხვადასხვა ფაქტორის კომბინაციაა ხომ? და შემდეგ ტაქტიკური სვლებია. ჩემი პირადი აზრია, ამ შემთხვევაში პარლამენტიდან გამოსვლა, ოღონდ მთლიანი ოპოზიციის. ერთი პოლიტიკური პარტიის გამოსვლა არაფერს ცვლის. მთლიანი პროდასავლური ოპოზიციის გამოსვლა იქნებოდა უკვე დემარში და ჟესტი, რომელიც დისკომფორტს მიაყენებდა "ქართულ ოცნებას".
მეორე – დასავლეთთან უფრო აქტიური მუშაობა, რადგან არ არის საკმარისი, წელიწადში ერთხელ ჩახვიდე ვაშინგტონსა და ბრიუსელში, სისტემატიურად უნდა იყოს იქ შენი წარმომადგენელი და ელაპარაკებოდეს ადგილზე ევროპარლამენტარებს, სენატორებსაც და კონგრესმენებსაც იმაზე, რა ხდება დღეს საქართველოში. მესამე – ძალიან აქტიური მუშაობა მოსახლეობასთან, რადგან მოსახლეობას მაშინ კიარ უნდა ველაპარაკებოდეთ არჩევნები რომ მოდის და ბროშურები დავურიგოთ, ჩვენ ახლა უნდა ველაპარაკებოდეთ მოსახლეობას. გვაკლია თანმიმდევრულობა, ყველას.
ვფიქრობ, ბევრად მეტი ახალი სისხლი და ახალი აზროვნება არის საჭირო, რადგან როცა უკვე აღარ მიდის პროცესები და სტაგნაცია არის, ახალი ხალხი არის ძალიან მნიშვნელოვანი, მათ შორის "ნაციონალურ მოძრაობაში", – აღნიშნა ნონა მამულაშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემაში "პოლიტიკური სივრცე".
გადაცემის წამყვანის კითხვაზე, როგორ უძღვება ნიკა მელია თავის საქმეს და ახლა რომ არჩევნები იყოს, დაუჭერდა თუ არა მხარს ნიკა მელიას თავმჯდომარის თანამდებობაზე, ნონა მამულაშვილი პასუხობს: "თავისი შესაძლებლობების ფარგლებში უძღვება – ბევრად აქტიურ პარტიის თავმჯდომარეს ვისურვებდი".