ვფიქრობ, ბევრად უფრო აქტიურ პარტიის თავმჯდომარეს ვისურვებდი, - ასე უპასუხა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ნონა მამულაშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემაში წამყვანის კითხვას, პარტიის თავმჯდომარის ხელახლა არჩევის შემთხვევაში დაუჭერდა თუ არა ნიკა მელიას კანდიდატურას მხარს.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური პარტია საერთაშორისო ასპარეზზე ბევრად უფრო აქტიური იყოს. ამასთან, ოპოზიციის ბრძოლის სტრატეგია სუსტია და მოსახლეობის გაწბილებას იწვევს. მამულაშვილის აზრით, ბრძოლის სტრატეგიის შეცვლაში შესაძლოა ოპოზიციის პარლამენტიდან გასვლა, ევროკავშირში სისტემატიური წარმომადგენლის ყოლა ან ახალი სახეები იგულისხმებოდეს.
თანაპარტიელები მალევე გამოეხმაურნენ ნონა მამულაშვილის განცხადებას. როგორც პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" წევრი რომან გოცირიძე აცხადებს, ეს არის ერთი დეპუტატის მიერ გაკეთებული განცხადება. გოცირიძე, ასევე, მელიას პოლიტიკურ ღვაწლზეც საუბრობს და ამბობს, რომ მელიას აქტიურობის დამსახურება ის პოლიტიკური მიღწევები, რაც ენმ-ს ახლა აქვს.
მამულაშვილისგან განსხვავებით, პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ბოტკოველი თვლის, რომ ნიკა მელია კარგი თავმჯდომარეა.
""ნაციონალური მოძრაობა" არის მოძრავი, მუშა პარტია, რომელშიც არის ძალიან ბევრი ადამიანი და სულაც არ არის გასაკვირი, რომ ვინმეს შეიძლება სხვას აზრი გააჩნდეს. მთავარია, რომ ჩვენ ერთად ვიბრძვით, აი, ამ მავნებელი ხელისუფლების დასამარცხებლად ამასთან დაკავშირებით ყველა ერთ აზრზე ვართ,"-აცხადებს გიორგი ბოტკოველი.