სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ მოხსენებას, რომელიც პრემიერმა პარლამენტს უკვე გადაუგზავნა, პოლიტიკურ სპექტრში შეფასებები უკვე მოჰყვა. ოპოზიცია ანგარიშში მოხსენიებულ საკითხებს, რომელიც სხვადასხვა კუთხით ქვეყნის განვითარებას ეხება, სკეპტიკურად უყურებს:
"ეს ანგარიშები, როგორც სარკე, ისე აჩვენებს საქართველოს წარუმატებლობას. მიდის ტურიზმის აღდგენის პროცესი და ეს ხელისუფლების დამსახურებაა? ტრაბახობენ იმით, რომ მშპ გაიზარდაო, გაიზარდა დაცემულთან შედარებით, თორემ წელს კი არ გაიზრდება ორნიშნა მაჩვენებლები",- აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე.
ოპოზიციის მეორე ნაწილს კი, პრემიერის მოხსენების დღეს, დიდი მოლოდონი არ აქვს.
"პრემიერი მოვა და გვეტყვის, რომ ყველაფერი კარგად არის. ეს რომ არ გვითხრას, მაშინ არ უნდა მოვიდეს და წერილი გამოაგზავნოს გადავდექიო, მაგრამ რეალობა სხვა არის. მე რას ველი? რაც ღარიბაშვილისგან უკვე არაერთხელ ვნახეთ. მოვა და თავიდან ეცდება იყოს ცივილიზებული, ილაპარაკებს თუნდაც არასწორად, მაგრამ მაინც მიღწევებზე და ბოლოს თავის რეალურ სახეს დაგვანახებს", - აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის” თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით კი, პრემიერი ანგარიშს მიმდინარე თვეში წარადგენს და ოპოზიციას საშუალება ექნება, პრემიერთან დისკუსიაში შევიდნენ და კითხვები დაუსვან.
ამასთან, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ანგარიში ეხება იმას, რომ ის მიზნები რაც მთავრობას თავის პროგრამაში ჰქონდა დასახული, რამდენად მიღწეულია.