15 ნოემბერი 2024,   16:44
ვრცლად
პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით საქართველოს დელეგაცია Globsec ფორუმში მონაწილეობს - რა შეხვედრებს გამართავს ირაკლი ღარიბაშვილი

ბრატისლავაში გლობალური უსაფრთხოების ფორუმი გაიხსნა. რამდენიმე წუთის წინ გამოსვლა დაასრულა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ფორუმს ევროკავშირის, ევროკომისიის და მსოფლიო ლიდერები ესწრებიან, მათ შორის არის საქართველოს პრემიერ-მინისტრიც. ირაკლი ღარიბაშვილი სიტყვით გამოვა პანელურ დისკუსიაზე - მსჯელობის მთავარი თემაა აღმოსავლეთ სამეზობლოში მოკავშირეებთან პარტნიორობის განმტკიცება.

მთავრობის მეთაური "ტვიტერში" წერს: "მოუთმენლად ველი ნაყოფიერ შეხვედრებსა და საუბრებს. ევროკავშირსა და რეგიონში პარტნიორებთან კავშირების გაღრმავების გზით, საქართველოს საკუთარი უსაფრთხოების გაძლიერების პოტენციალი გააჩნია, თან იმავდროულად შეუძლია უზრუნველყოს მშვიდობა და სტაბილურობა ჩვენს რეგიონსა და მის ფარგლებს მიღმა,"- აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.

სლოვაკეთში საქართველოს ელჩის, რევაზ ბეშიძის განცხადებით, წლევანდელ გლობალური უსაფრთხოების ფორუმ​ს საქართველოდან წარმომადგენლობითი დელეგაცია ესწრება.

"Globsec" უსაფრთხოების საკითხებზე ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ფორუმია ევროპაში. წელს "გლობსეკის" ფოკუსი იქნება უკრაინაში რუსეთის აგრესიის საკითხებზე შესაბამისად ევროპაში უსაფრთხოების გამოწვევებზე, წლევანდელ "გლობსეკს" საქართველოდან ესწრება საკმაოდ წარმომადგენლობითი შემადგენლობა, პრემიერ მინისტრის ხელმძღვანელობით, რომელიც არის მთავარი მომხსენებელი ევროკავშირის სამეზობლო პანელზე. მასთან ერთად მომხსენებელი არის მოლდოვის პრეზიდენტი. ასევე, პრემიერ-მინისტრს ექნება ორმხრივი შეხვედრები თავის კოლეგებთან, ასევე ევროკავშირის მაღალ პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან. "გლობსეკის" ფარგლებში ხელი მოეწერება შეთანხმებას ინობატის კომპანიასთან, ხელს მოაწერს ჩვენი მხრიდან ბატონი ლევან დავითაშვილი. ტრადიციულად "გლობსეკი" ეს არის ძალიან კარგი პლატფორმა, სადაც საქართველოს კიდევ ერთხელ შეუძლია თავისი პრიორიტეტების წარმოჩენა, რა თქმა უნდა, ამ ეტაპზე ჩვენი მთავარი პრიორიტეტია ევროკავშირში გაწევრიანების საკითხებზე ჩვენი საკითხების ლობირება, ამის შესაძლებლობას იძლევა "გლობსეკი". პრემიერ-მინისტრი მიიღებს მონაწილეობას ევროკავშირის სამეზობლო პანელზე, რომელიც მიძღვნილია იმ განვითარებებზე, რომელიც ჩვენ გვაქვს ევროკავშირის სამეზობლოში, პირველ რიგში საუბარია საქართველოზე მოლდოვაზე და უკრაინაზე. ძირითადად საუბარი შეეხება ევროკავშირთან ჩვენი ქვეყნების პერსპექტივებზე,"- განაცხადა რევაზ ბეშიძემ.

დღის ამბები