15 ნოემბერი 2024,   16:38
ვრცლად
დღეს, პარლამენტში თეა ახვლედიანს ელოდებიან - სახელმწიფო მინისტრთან დახურულ შეხვედრას, კანონმდებლებთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც დაესწრებიან

დღეს, საკანონმდებლო ორგანოში, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს, თეა ახვლედიანს ელოდებიან. შეხვედრა დახურულ ფორმატში ჩატარდება, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციებიც დაესწრებიან.

როგორც "ქართულ ოცნებაში" აცახდებენ, საუბარი შეეხება პროექტს "ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ", რეგიონში არსებულ ვითარებას და ასევე, ახალ სამოქმედო გეგმას. მინისტრთან კითხვები ოპოზიციონერ დეპუტატებს ისეთ საკითხებზე ექნებათ, როგორიცაა ოკუპირებულ რეგიონებში ეკონომიკური მდგომარეობა და განათლება. ასევე, საუბარი შეეხება ქვეყნის სტრატეგიულ ინფორმირებულობას აფხაზეთსა და ცხინვალში ჩასატარებელ რეფერენდუმთან დაკავშირებით.

"ქართული ოცნების" წევრის, გია ვოლსკის თქმით იგეგმება, რომ სახელწმიფო მინისტრთან შეხვედრები მომავალში უფრო ინტენსიური გახდეს.

"ჩვენ ვფიქრობთ, რომ მომავალში ინტენსიური გავხადოთ შეხვედრები სახელმწიფო მინისტრთან, ვინაიდან ძალიან ბევრი რამ გაკეთდა, ბევრი დაგეგმილია იმ კანონების პაკეტის მიხედვით, რომელსაც ჰქვია "ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ". შექმნილმა სიტუაციამ ბევრი რამ შეცვალა და რა საკვირველია, აზრთა გაცვლა - გამოცვლა გვინდა. არასამთავრობო ორგანიზაციები იქნებიან, თავის მოსაზრებებს ისინიც გაგვაცნობენ, თან სახელმწიფო მუშაობს განახლებულ სტრატეგიულ გეგმაზე, ასე რომ საინტერესო დიალოგი იქნება", - აცხადებს ვოლსკი.

"რეფორმების ჯგუფის" წევრის, პაატა მანჯგალაძის თქმით, მას ექნება კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ რა ვითარებაა ცხინვალში ჩასატარებელ რეფერენდუმთან დაკავშირებით.

"ძალიან მძიმე ვითარებაა საზღვრისპირა რეგიონებში, თუ იგეგმება რაიმე ტიპის შეღავათები ბიზნესის ხელშეწყობის კუთხით, რომ ხალხი გამაგრდეს და ერთგვარი მესაზღვრის როლს ასრულებენ იქ ქართველები. აფხაზებთან და ოსებთან, ასე ვთქვათ ცხინვალში ჩასატარებელ რეფერენდუმზე მექნებოდა კითხვები. რას უნდა ველოდოთ, რა პირობით გადაიდო, არის თუ არა ნაღმი საქართველოს თავზე დაკიდებული და როდის აამოქმედებს რუსეთი", - თქვა მანჯგალაძემ.

"გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი, ალექსანდრე რაქვიაშვილი აცხადებს, რომ მას აინტერესებს რას აკეთებს სახელმწიფო აფხაზეთში მცხოვრების მოქალაქეების ინტეგრაციისთვის ჩვენს საზოგადოებაში და რა გეგმები აქვს მინისტრს ამ მიმართულებით.

"მაინტერესებს, როგორ ხდება აფხაზეთში მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების ინტეგრაცია ჩვენს საზოგადოებაში. პირველ რიგში ეს ეხება იმ ხალხს, ვინც სკოლას ამთავრებს იქ იმიტომ, რომ იქ სწავლება რუსულად მიდის, აფხაზური პროგრამით და გასაგებია, რომ ამ ბავშვებს შემდეგ უჭირთ  ჩვენთან უნივერსიტეტში სწავლა და ზოგადად ინტეგრაცია. ეს სერიოზული პრობლემაა, რაზეც მაინტერესებს თუ რა გეგმები აქვს მინისტრს", - განაცხადა რაქვიაშვილმა

დღის ამბები