პარლამენტში ამ წუთებში პლენარული სხდომა იწყება. შალვა პაპუაშვილმა ანგარიში უნდა წარადგინოს. პარლამენტის თავმჯდომარე კოლეგებს საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშსა და სამოქმედო გეგმას წარუდგენს, შედგება პოლიტიკური დებატებიც.
ანგარიშის წარდგენას დაესწრებიან მთავრობის წარმომადგენლები და პრემიერ მინისტრი. მას შემდეგ, რაც შალვა პაპუაშვილი მოხსენებას დაასრულებს, კითხვა-პასუხის რეჟიმი გაგრძელდება.
პარტიის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკურ მდივანს, სალომე სამადაშვილს დღევანდელი ანგარიშის წარდგენის დროს განსაკუთრებული მოლოდინები არ აქვს.
"მე არაფერს განსაკუთრებულს არ ველოდები, იმიტომ რომ პაპუაშვილი არის იმ პარლამენტის თავმჯდომარე, სადაც მმართველი უმრავლესობა პირდაპირ მოუწოდებს ძალადობისკენ ხალხს ჩვენს ქვეყანაში, შალვა პაპუაშვილი არის იმ პარლამენტის თავმჯდომარე, სადაც უმრავლესობა არის ის ხალხი, ვინც გავიდა მიშელის შეთანხმებიდან. არ ვიცი რა აქვს დღეს მას სათქმელი საზოგადოებისთვის. ვფიქრობ, რომ მოვისმენთ ისევ ცარიელ გამოსვლას," - ამბობს სალომე სამადაშვილი.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”რეფორმების ჯგუფის” წევრი, პაატა მანჯგალაძე იმ საკითხებზე საუბრობს, რომელზეც პასუხი შალვა პაპუაშვილისგან აინტერესებს.
"ჩვენი ეროვნული ამოცანაა ევროპაში ინტეგრაცია და ევროპაში ინტეგრაციის მიზნებიდან გამომდინარე რა გააკეთა პარლამენტმა მისი საზედამხედველო და საკონტროლო ფუნქციებიდან გამომდინარე. ეს კითხვები მექნება, თუ არის კმაყოფილი საპარლამენტო მუშაობის ამ მიმართულებით პარლამენტის თავმჯდომარე, ასევე თუ არის მთავრობის გაწეული საქმიანობით კმაყოფილი. ასევე, მისი წარმოდგენით, როგორ მუშაობს ურთიერთბალანსის და ურთიერთკონტროლის სისტემა, რაც კონსტიტუციაშია ჩადებული," - ამბობს პაატა მანჯგალაძე.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "მოქალაქეები" წევრს, ლევან იოსელიანს კითხვები რეფორმებთან დაკავშირებით ექნება.
"ჩემი კითხვები ძირითადად დაკავშირებული იქნება იმ რეფორმებთან, რომელიც უნდა გატარებულიყო საქართველოში და არ გატარდა. რაც ადარდებს ადამიანებს, აწუხებთ ჩვენს მოქალაქეებს და რაც უნდა გახდეს ჩვენი წინაპირობა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად," - ამბობს ლევან იოსელიანი.