ამ წუთებში პარლამენტში შალვა პაპუაშვილი დეპუტატების კითხვებს პასუხობს. შეკითხვები შეეხება როგორც საკანონმდებლო საქმიანობას, ასევე პოლიტიკურ საკითხებს. ევროინტეგრაცია ერთ-ერთი თავარი თემაა.
პარლამენტის თავმჯდომარე ევროკავშირის წევრობის განაცხადთან დაკავშირებით დადებით შედეგს ელოდება:
"ვიმყოფებით იმ ქვეყნის პარლამენტში, რომელმაც შეძლო ბოლო წლების ურთულეს საერთაშორისო და საშინაო გამოწვევებთან გამკლავება, მშვიდობის შენარჩუნება და მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა. დღეს, საქართველოს ისტორიულ პროცესში ყოფნის დროს, როდესაც 3 მარტს საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადი შეიტანა, მისასალმებელია, რომ ევროკავშირმა მოკლე ვადებში მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის განცხადების განხილვისა და პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით.
ამჟამად ევროკავშირის გადაწყვეტილების მოლოდინში ვართ და აქტიურად ვმუშაობთ ევროკავშირთან და მის წევრ ქვეყნებთან პოლიტიკური მხარდაჭერის მობილიზების კუთხით.
რეფორმების განხორციელებაში საქართველოს განვლილი წლების შედეგების და გამოცდილების გათვალისწინებით, გვაქვს მოლოდინი, რომ ევროკავშირი პოზიტიურად უპასუხებს ჩვენი ქვეყნის ძალისხმევას და ჩვენი ხალხის მტკიცე სურვილს. წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებით ევროკავშირს შეუძლია დაადასტუროს ჩვენი რეგიონისადმი გრძელვადიანი ინტერესი და შეზღუდოს საქართველოს არაკეთილისმოსურნეთა შესაძლებლობები," - განაცხადა პაპუაშვილმა.