პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, დადასტურდა, რომ პარალელური დათვლის შედეგები, რომელზეც მთლიანად იყო აწყობილი პარტიების პროტესტი, იყო ტყუილი და ამ ტყუილის შედეგად საკუთარი ქვეყნისთვის მიყენებული რეპუტაციული ზიანი.
"მოქალაქეთა მხარდაჭერით უკმაყოფილო პარტიებმა ბოიკოტი გამოუცხადეს პარლამენტს, შეეცადნენ კითხვის ნიშნის ქვეშ დაეყენებინათ ქვეყანაში სტაბილურობა.
არჩევნებს გაყალბებულს უწოდებდნენ, იმის მიუხედავად, რომ ვერ წარმოადგინეს ვერც ერთი კონკრეტული ფაქტი ისეთი არსებითი დარღვევისა, რომელსაც შეეძლო არჩევნების შედეგების ლეგიტიმაციის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება.
შეიქმნა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიები კომისია, რომელმაც წერტილი დაუსვა ხელოვნურად შექმნილ გაურკვევლობას. დოკუმენტურად დადასტურდა, რომ არჩევნების დღესვე წამოწყებული ბრალდება არჩევნების პირველადი შედეგების დაგვიანებით გამოცხადების შესახებ იყო ტყუილი, რომ ბრალდება ჭარბი რაოდენობის ბათილი ბიულეტენების შესახებ იყო ტყუილი.
და ბოლოს, პირველად საქართველოს საარჩევნო პრაქტიკაში, დადასტურდა, რომ პარალელური დათვლის შედეგები, რომელზეც მთლიანად იყო აწყობილი პარტიების პროტესტი, იყო ტყუილი, ტყუილი, ტყუილი, ტყუილი და ამ ტყუილის შედეგად საკუთარი ქვეყნისთვის მიყენებული რეპუტაციული ზიანი.
პარლამენტის წევრებმა ამომრჩევლის იმედები სწორედ საპარლამენტო საქმიანობაში აქტიური ჩართულობით, მათ პრობლემებზე გამოსვლის შეთავაზებით უნდა გაამართლონ და არა ლეგიტიმურ სახელმწიფო ინსტიტუტებზე შეტევით, შტურმით და ძალადობით.
საერთო ჯამში, ერთპარტიული პარლამენტის სცენარი ჩაიშალა," - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას.