15 ნოემბერი 2024,   16:23
ვრცლად
თუ სალომე ზურაბიშვილს სურს, რომ ამ რთულ ვითარებაში მისი საქმიანობა შეფასდეს დადებითად, უნდა შეიწყალოს ნიკა გვარამია - აკაკი მინაშვილი

სახალხო დამცველი საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს, შეიწყალოს ნიკა გვარამია. ომბუდსმენის ოფისი ნიკა გვარამიას განაჩენთან დაკავშირებით შემოწმების შედეგებს აქვეყნებს, სადაც ამბობს, რომ საქმეზე სასამართლოს მსჯელობა, როგორც მსჯავრდების, ისე სასჯელის განსაზღვრის კუთხით დაუსაბუთებელია. სახალხო დამცველი აცხადებს, რომ დაუშვებელია მენეჯერის დასჯა მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებისთვის, როცა სასამართლო ვერ ასაბუთებს მის პირად დაინტერესებას, თაღლითობას, ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას, ან სხვა დანაშაულებრივ ქმედებას. 

პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" წევრი აკაკი მინაშვილის თქმით, ნიკა გვარამიას დაპატიმრება არის გაცხადებული, როგორც პოლიტიკური დევნის მაგალითი.

"ეს არის ცხადი პოლიტიკური დევნის მაგალითი, როდესაც ხელისუფლება დევნის იმ ადამიანს, რომელიც პოლიტიკურად ებრძვის მას, აქვს მისგან განსხვავებული და კრიტიკული პოზიციები. სალომე ზურაბიშვილმა ეს თავად უნდა გადაწყვიტოს, შეიწყალებს თუ არა, თუ მას სურს, რომ პოზიტიურად შეფასდეს მისი საქმიანობა, აი ამ რთულ ვითარებაში მაშინ მან ეს ნაბიჯი უნდა გადადგას,"- აცხადებს აკაკი მინაშვილი.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრი ანა ნაცვლიშვილი ფიქრობს, რომ ძალიან გასაგებად და დასაბუთებულად არის  სახალხო დამცველის დასკვნაში გამოტანილი ყველა ის აბსურდულობა, რაც ამ განაჩენს ახასიათებს. მას მიაჩნია, რომ მისი მიმართვა პრეზიდენტისადმი არის დასაბუთებული.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "მოქალაქეები" წევრს ლევან იოსელიანს კი მიაჩნია, რომ ამ ვითარებაში ნიკა გვარამიას დაპატიმრება ქვეყნისთვის არახელსაყრელია.

"არ ვიცნობ ნიკა გვარამიას საქმეს, ამიტომ გამიჭირდება მის დასაბუთებულობაზე საუბარი, მაგრამ ნამდვილად ვიცი, ნიკა გვარამიას დაპატიმრება დღეს ხელს უშლის იმ პროცესს, რა პროცესშიც ჩვენი ქვეყანა იმყოფება,"- აცხადებს ლევან იოსელიანი.

დღის ამბები