15 ნოემბერი 2024,   16:25
ვრცლად
სალომე ზურაბიშვილმა იტალიის სენატისა და დეპუტატთა პალატის თავმჯდომარეებთან შეხვედრებზე ევროინტეგრაციის მხარდაჭერა განიხილა

იტალიის მიერ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერის საკითხები განიხილა დღეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა იტალიის რესპუბლიკის სენატის თავმჯდომარესთან მარია ელიზაბეტა ალბერტი კაზელატისთან და დეპუტატთა პალატის თავმჯდომარესთან რობერტო ფიკოსთან შეხვედრებზე, რომლებიც რომში, პრეზიდენტის სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა.

იტალიის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრის, პარლამენტარ ბექა ოდიშარიას განცხადებით, იტალიაში ვიზიტისას, საქართველოს პრეზიდენტმა მაღალი ტრიბუნიდან კიდევ ერთხელ გააჟღერა საქართველოს მოსახლეობის 80%-ის და საქართველოს ხელისუფლების მყარი გადაწყვეტილება, რომ საქართველო უნდა დაბრუნდეს ევროპულ ოჯახში.

,,საქართველოს პრეზიდენტმა სთხოვა კოლეგებს, რომ საქართველოს ხმა გაიგოს ევროპარლამენტმა და ევროპულმა ოჯახმა, რათა საქართველოსთვის დღეს სტატუსის მინიჭება რუსეთის აგრესიაზე ყველაზე მშვიდობიანი, თუმცა მკაფიო პასუხი იქნებოდა, რადგან რუსეთს არ უნდა მივცეთ საშუალება, რომ უკან დაახევინოს ევროპას და მითუმეტეს, კანდიდატ ქვეყნებს თავის გადაწყვეტილებაში“, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

როგორც ბექა ოდიშარიამ აღნიშნა, რობერტო ფიკოს, დეპუტატთა პალატის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ დროა საქართველოსა და იტალიის პარლამენტებს შორის ურთიერთობების ხარისხის სრულიად ახალ დონეზე ავიდეს და ამისათვის იგი ინიციატივით გამოვიდა, რომ ხელი მოეწეროს ღრმა პროტოკოლს, რაც ორი ქვეყნის პარლამენტის წევრებს უფრო ნაყოფიერი თანამშრომლობის საშუალებას მისცემს.

დღის ამბები