15 ნოემბერი 2024,   16:30
ვრცლად
"ქართული ოცნება" გეგმავს ჩემზე ფიზიკურ თავდასხმას" - ვაშაძის ამ განცხადებას მამუკა მდინარაძე "ჰალუცინაციას" უწოდებს

გიორგი ვაშაძის განცხადებით, მასზე ფიზიკური თავდასხმა იგეგმება. პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე ვაშაძემ თქვა, რომ მისი წყაროს ინფორმაციით, კონკრეტულ დეპუტატებს პროვოკაციის მოწყობა დაავალეს.

მისივე თქმით, ამის ნიშნები იყო გუშინაც, როცა მიმდინარეობდა მძიმე საუბრები მისი ფრაქციის წევრებთან. როგორც ვაშაძე აცხადებს, თავად სხდომათა დარბაზში იმ დროს არ იყო. 

"ჩემი ინფორმაციით, ახლა მომაწოდა წყარომ ინფორმაცია, რომ "ქართული ოცნება" გეგმავს ჩემზე ფიზიკურ თავდასხმას. დაავალეს საკუთარ ფრაქციაში მოჭიდავე, თუ გაუგებარ დეპუტატებს, რომელთა სახელი და გვარი არავინ არ იცის.

მივმართავ "ქართულ ოცნებას", რომ თქვენ პასუხი არ გაქვთ იმ საკითხებზე, რასაც ჩვენ ვსვამთ და აქედან გამომდინარე, გინდათ, რომ გადახვიდეთ ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე," - ამბობს გიორგი ვაშაძე.

გიორგი ვაშაძის ამ განცხადებას პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ უპასუხა და ამ განცხადებას არასერიოზული უწოდა. 

"ჰალუცინაციები დაწყებია უკვე ამ ხალხს, მაგრამ ამას თავისი საფუძველი აქვს. გუშინ ისეთი უზნეობა იკადრა, რომ ეტყობა მერე შეეშინდა, ვერ გაიაზრა იმ მომენტში და ადამიანები, მარტო გიორგი ვაშაძე ხომ არ არის, იმ მხარეს, სადაც ადამიანები ომის პროპაგანდას აწარმოებენ და ვაჟკაცებად გამოჰყავთ თავიანთი თავები, დღეს დარბაზში ვერ შემოდიან ბრიფინგით დაზღვევის გარეშე, იმდენად მშიშრები არიან. შიშის საფუძველი არ აქვთ, ჰალუცინაცია დავარქვი და შიშის საფუძველი ჰალუცინაციას გამორიცხავს,“ - აცხადებს მამუკა მდინარაძე.

დღის ამბები