ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის შეფასებით, ერთი თვის წინ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციაში, საქართველოს მიმართ მხოლოდ ერთი კრიტიკული წინადადება იყო, სადაც ეწერა, რომ შეშფოთება არის გამოთქმული პოლარიზაციის და პლურალიზმის საკითხებთან დაკავშირებით და ამ პერიოდის შემდეგ, ნიკა გვარამიას დაკავების საკითხის გამო, არ შეიძლება ევროპამ დამოკიდებულება იმგვარად შეცვალოს, რომ ერთი თვის წინ ყველაფერი კარგად იყო და ერთი თვის თავზე, ყველაფერი ცუდად არის.
"ეს არ იყო კრიტიკა, ეს იყო შეტევა საქართველოზე, საქართველოს ხელისუფლებაზე და ძალიან სამწუხაროა, რომ ამ დებატების გახსნის ლობირება, მაინც და მაინც ახლა მოხდა, როდესაც ამ ქვეყნისთვის ყველაზე ნაკლებად სასურველი იყო და საქართველოზე ეს შეტევა ახლა წამოვიდა, როდესაც რამდენიმე დღეში გადაწყვეტილებას ველოდებით.
ეს არის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის აპრილის ბოლოს მიღებული რეზოლუცია, სულ რაღაც ერთი თვის წინანდელი, სადაც საუბარია საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე. ამ რეზოლუციის მეთოთხმეტე პარაგრაფში ეწერა, რომ "გამოხატვის თავისუფლება და მედიის თავისუფლება ზოგადად, საქართველოში კარგად არის დაცული. ასამბლეა მიესალმება მიღწეულ პროგრესს, მედიაგარემოს გაძლიერების კუთხით, განსაკუთრებით მედიაბაზარზე შესვლის ბარიერების შემცირებას, რაც მნიშვნელოვანი პირობაა მრავალფეროვანი მედიაგარემოსთვის. ერთი კრიტიკული წინადადებაა მხოლოდ, სადაც ეწერა, რომ "შეშფოთება არის გამოთქმული მხოლოდ პოლარიზაციის და პლურალიზმის საკითხებთან დაკავშირებით".
ამ ერთი თვის განმავლობაში, საქართველოში რა მოხდა ისეთი, რომელმაც აბსოლუტურად შეცვალა დამოკიდებულება, რა მოხდა ისეთი, რომელმაც რაღაცა არმაგედონის ფონი შექმნა, რატომ დასჭირდა იმგვარად, რომ თითქოს ერთი თვის განმავლობაში ყველაფერი ჩამოიქცა? ერთი ადამიანის დაკავება შეუძლებელია ამგვარად ცვლიდეს დამოკიდებულებას იქიდან გამომდინარე, რომ არავინ საუბრობს მის დანაშაულებსა თუ უდანაშაულობაზე, მხოლოდ საუბრობენ იმ "ფეიკებზე," რაც თვითონ მოიგონეს, თითქოს ეს ადამიანი დაკავებული იყო სამსახურებრივი ავტომანქანის ფლობისათვის. სინამდვილეში, შეიცვალა ერთადერთი რამ, გაჩნდა ინტერესი, რომ საქართველოს შეექმნას ხელოვნური ბარიერები პროცესთან დაკავშირებით. რა დროს ამ რეზოლუციის პროექტის და რა დროს ამ დებატების დარეგისტრირება იყო კონკრეტულად ერთი მიმართულებით, როდესაც ეს ყველამ იცოდა, "ნაცმოძრაობამ" საქართველოში, მათმა ლობისტებმა, საქართველოს ფარგლებს გარეთ დავალებების მიმცემებმა, რომლებმაც ჩვენზე კარგად იციან, რომ ასეთი დებატები ამ დროს, განსაკუთრებით ამ კონტექსტში, არის შემაფერხებელი, დაბრკოლების შემქმნელი და პირდაპირ დავარქვათ მავნებლობა იმ პროცესის მიმართ, რომელსაც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესი ჰქვია", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ცნობისთვის, ევროპელმა დეპუტატებმა საქართველოში, პრესის თავისუფლების კუთხით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს და ხელისუფლებას მათი გამოსწორებისკენ მოუწოდეს. მომზადებულია შესაბამისი რეზოლუციაც, რომელსაც დღეს, კენჭი ეყრება. დებატების მიმდინარეობისას, ევროპარლამენატრებმა ყურადღება საქართველოს ევროპულ პერსპეტქივაზე გაამახვილეს და აღნიშნეს, რომ არსებული გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე,საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ, კანდიდატის სტატუსი უნდა მიიღოს.