ღმერთმა დაიფაროს საქართველო და ევროკავშირის თითოეული ქვეყანა მედიის თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების იმ სტანდარტისგან, რომელიც 2004-2012 წლებში სააკაშვილმა და გვარამიამ დაამკვიდრეს - ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმდჯომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, მსუბუქად ნამდვილად ვერ გამოვეხმაურებით ევროპარლამენტის რეზოლუციის იმ ნაწილს, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას „ჰუმანიტარული მოტივით“ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანისა და ნიკა გვარამიას განთავისუფლებისკენ მოუწოდებს.
როგორც კობახიძე აღნიშნავს, განსაკუთრებით შემაშფოთებელია, როდესაც ამგვარ მოწოდებებს ვკითხულობთ რეზოლუციაში, რომელიც მედიის თავისუფლებასა და ადამიანის უფლებებს ეხება.
"ღმერთმა დაიფაროს საქართველო და ევროკავშირის თითოეული ქვეყანა მედიის თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების იმ სტანდარტისგან, რომელიც 2004-2012 წლებში სააკაშვილმა და გვარამიამ დაამკვიდრეს. გამაოგნებელია, როდესაც ევროპარლამენტი მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებულ რეზოლუციაში იმ ადამიანების განთავისუფლებისკენ მოგვიწოდებს, რომლებმაც საქართველოში მედიის თავისუფლება ფეხქვეშ გათელეს, რომლებმაც ყაჩაღურად მიიტაცეს ყველა ეროვნული მაუწყებელი და საქართველოში ნაციონალური მოძრობის სრული მედიამონოპოლია დაამყარეს, რომლებმაც ტელეკომპანია „იმედი“ დაარბიეს და შემდეგ ის მოროდიორულად კანონიერ მფლობელს წაართვეს, რომლებმაც სულ რაღაც ორიოდე წლის წინ ერთ-ერთი ტელეკომპანია 7 მილიონით გაძარცვეს. შეგახსენებთ, რომ სიცრუისა და სიძულვილის ყოველდღიური ტირაჟირებითა და მედიაში დამკვიდრებული ბილწსიტყვაობით, ეს ადამიანები დღემდე ფეხქვეშ თელავენ ყველაფერ ღირებულს, რასაც თავისუფალი მედია, როგორც საზოგადოების ინტერესების სამსახურში მყოფი დემოკრატიული ინსტიტუტი, განასახიერებს“, – აცხადებს ირაკლი კობახიძე.