15 ნოემბერი 2024,   16:24
ვრცლად
"ხორვატია ყველანაირად შეეცდება, საქართველოს ევროკავშირის წევრობის რეალიზებაში დაეხმაროს" - მაკა ბოჭორიშვილის ვიზიტი ზაგრებში დასრულდა

ევროინტეგრაციის კომიტეტის ხელმძღვანელმა ხორვატიაში ვიზიტი დაასრულა - მაკა ბოჭორიშვილს შეხვედრები ჰქონდა პარლამენტში. განხილვის ძირითადი საგანი, საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე ხორვატიის მხარდაჭერა იყო.

ხორვატიის პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, დომაჰოი ჰაიდუკოვიჩი აცხადებს, რომ საქართველო, როგორც კულტურად, ასევე გეოგრაფიულად ევროპის ნაწილია და ხორვატია ყველანაირად შეეცდება საქართველოს ევროკავშირის წევრობის რეალიზებაში დაეხმაროს.

"საქართველო ევროპაა. ჩემთვის როგორც კულტურულად, ასევე გეოგრაფიულად, საქართველო ევროპაა. განსაკუთრებით მიმდინარე მოვლენებისა და უკრაინაში ომის გათვალისწინებით, ევროკავშირმა უნდა გაუგზავნოს მკვეთრი სიგნალი რომ ჩვენ საქართველოს მომავალში ვხედავთ როგორც ჩვენი პოლიტიკური ოჯახისა და ევროკავშირის წევრს. დღეს გვქონდა შეხვედრა და ხელი მოვაწერეთ ურთიერთგაგების მემორანდუმს. მე პირადად პირობა დავდე რომ დაგეხმარებით ყველანაირად როგორც შემიძლია რომ საქართველოს წევრობა რაც შეიძლება მალე რეალიზდეს. რა თქმა უნდა, წევრობის მიღება მალე არ ხდება, ეს საკმაოდ ხანგრძლივი პრიცესია. მაგრამ მაინც ვიმედოვნებ , ევროპა გაუგზავნის მკვეთრ სიგნალს რომ საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას ვხედავთ ევროპულ ოჯახში. ჩემი რჩევა იქნება, არ დანებდეთ, ზოგჯერ რთული და მოუღწეველი ჩანს, მაგრამ ეს სავსებით მირწევადია. თქვენ გყავთ მეგობრები ევროპაში. მათ შორის ხორვატიაც თქვენი მეგობარია. კიდევ ერთხელ, არ უნდა დანებდეთ და იმუშაოთ ძალიან ბევრი," - განაცხადა ჰაიდუკოვიჩმა.

ხორვატიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრის, დავორ ივერ სტივერის თქმით, ხორვატია საქართველოს ამბიციას, ევროპასთან დაახლოების საკითხში, დადებითად აფასებს.

"ჩვენ ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარესთან ვისაუბრეთ საქართველოს წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა ეს გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული კონსენსუსის გზით. ჩვენი ხედვით, მთელი რეგიონის , როგორც მას ვუწოდებთ აღმოსავლეთ პარტნიორობას, მიღება კარგი ნაბიჯი იქნება. ამ კუთხით საქართველოს ამბიციას, დაუახლოვდეს ევროპას, დადებითად ვაფასებთ," - ამბობს სტივერი.

ხორვატიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის კიდევ ერთი წევრი, ზდრავკა ბუშიჩი აცხადებს, რომ საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე, ძალიან კარგი ხედვა წარმოადგინა.

"ჩვენ გვქონდა ძალიან კარგი დისკუსია. საყოვთაოდ ცნობილია ხორვატია მხარს უჭერს საქართველოს ნატოსა და ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე. მე აქტიურად თვალს ვადევნებ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, რადგან ვიყავი ევროპის საბჭოს წევრი ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. ასევე ნამყოფი ვარ საქართველოში. დღევანდელი შეხვედრისას მიმოვიხილეთ საქართველოში არსებული სიტუაცია. მიმდინარე წლის 24-მა თებერვალმა ძალიან ბევრი რამ შეცვალა მათ შორის საქართველოსთვის, ასევე უკრაინისთვისა და მოლდოვასთვის. ასევე ვისაუბრეთ საქართველოს 2 რეგიონზე, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე. საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ძალიან კარგი ხედვა წარმოგვიდგინა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე. როგორც იცით, ხორვატიამ ეს პროცესები გაიარა და კარგად ვიცით რას ნიშნავს ეს. ჩვენ რა თქმა უნდა მზადყოფნას გამოვთქვამთ დახმარებისთვის. მე გპირდებით რომ ვარ და ვიქნები თქვენი მხარდამჭერი," - თქვა ბუშიჩმა.

ავტორი : სანდრო სანაია

დღის ამბები